პროფესიონალ ჩოგბურთელად შედგომას რომ დიდი ფული სჭირდება ახალი არავისთვისაა, მაგრამ თუ საწადელს მიაღწევ სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნები. საამისოდ კი ნიჭთან ერთად თავდაუზოგავი შრომაც საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგივა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სტეფანოს ციციპასი თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მან წარმატებებს ადრეულ ასაკში მიაღწია, რაშიც ლომის ცვლილი მის ოჯახს, კერძოდ კი მამას – აპოსტოლოს ციციპასს მიუძღვის.
საბერძნეთი ტოპ ჩოგბურთელებით არასოდეს გამოირჩეოდა. ახლა კი ელადელებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ.
ღმერთმა ნუ ქნას და სტეფანოს ციციპასმა კარიერა დღესვე რომ დაასრულოს, საბანკო ანგარიშზე უკვე იმდენი აქვს, რომ მთელი ცხოვრება არაფერი გაუჭირდება და იმას გააკეთებს, რაც მოესურვება.
„ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ. ახლა მხოლოდ მე გამოვიმუშავებ, რადგან მშობლებმა ყველაფერი ჩემთვის გაიღეს.
ისინი დამყვებიან ტურნირებზე, ცდილობენ გამამხნევონ და გამარჯვებებში ხელი შემიწყონ.
ადრე ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ, თუმცა ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი ძმებისთვის მაგალითის მიმცემი ვარ. მათაც სურთ ჩოგბურთის კარგად თამაში და ამიტომაც მურატოღლუს აკადემიაში ვარჯიშობენ.
ჩვენ საფრანგეთში ვცხოვრობთ. ეს კეთილდღეობა და ფინანსური სიძლიერე მხოლოდ ჩემი ჩოგბურთელობის დამსახურებაა“ – ამბობს 22 წლის სტეფანოს ციციპასი.
შეგახსენებთ, ბერძენი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს მე-5 ნომერია და ახლახანს მონტე-კარლოს მასტერსის ჩემპიონი გახდა.








