2021 წლის საფრანგეთის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაადრევ ფინალად შერაცხული დაპირისპირება ჯერ კიდევ ნახევარფინალში მოიგო, როდესაც გრუნტის მეფე და როლან გაროსის მბრძანებელი რაფაელ ნადალი 5 სეტიან თრილერში დაამარცხა.
ფინალში კი სერბი ჩოგბურთელის მეტოქე სტეფანოს ციციპასი იყო. ახალგაზრდა და ნიჭიერი ბერძენისთვის ეს პირველი მეიჯორული ფინალი გახლდათ და დიდ სიხარულთანაც ახლოს იყო, თუმცა კორტის მეორე მხარეს ჯოკოვიჩი იდგა, რომელსაც დიდი სლემის ფინალებში ბეწვის ხიდზე არაერთხელ გაუვლია.
ასე იყო ამჯერადაც. ციციპასმა მძლავრად დაიწყო და სეტებში 2:0 დაწინაურდა, რაც უდავოდ სოლიდური უპირატესობაა, მაგრამ როდესაც კორტზე ჯოკოვიჩი დგას, იქ სანამ მართლა არ დაამთავრებ, დასრულებული მანამდე არაფერია.
სტეფანოს ციციპასსაც საქმე უკვე მოთავებული ეგონა და მოდუნდა, რითიც ნოლემ უმალ ისარგებლა, მეთოდური უპირატესობა მოიპოვა და მიჯრით სამი სეტიც მოიგო. საბოლოოდ, 5-სეტიანი დრამატული მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:7 2:6 6:3 6:2 6:4 მოიგო და კარიერაში მე-19 დიდი სლემის თასიც ჩაიხუტა, ხოლო უშუალოდ როლან გაროსზე მეორედ იჩემპიონა.
აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ყველა მეიჯორი მინიმუმ ორჯერ მაინც აქვს მოგებული. გარდა ამისა, ნოლეს აქვს შანსი ლეგენდარული როდ ლეივერის რეკორდი გაიმეოროს და სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტიტული შეკრას.





