ლა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ვალენსია” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:2 დასრულდა.
“ღამურების” ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მადრიდელთა წინააღმდეგ 8 სეივი მიითვალა.
გიორგი მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, მაგრამ მან ორ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. პირველ გოლში მისი დადანაშაულება შეუძლებელია, მაგრამ მე-2 და გადამწყვეტი გოლის მომენტში კი აშკარად უკეთ თამაში შეეძლო და მართებდა.
მატჩის შემდეგ ვალენსიას ლეგენდარულმა კიპერმა კანისარესმა Tiempo de Juego-ს ეთერში გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა.
“ბენზემას გოლის მომენტში მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსმა ბურთი ცენტრალურ მცველებს შორის ჩააწოდა და მეკარეს სხვა გზა აღარ ჰქონდა. თუ მამარდაშვილი კარში დარჩებოდა, 95 პროცენტით, გოლი მაინც გავიდოდა. თუ გამოვიდოდა, ის მოხდებოდა, რაც მოხდა ბენზემა ცოტათი არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო, მაგრამ ფრანგმა გოლი მაინც გაიტანა”, – თქვა კანისარესმა.
ვალენსიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ერთპიროვნული ლიდერი კი სწორედ რეალი გახდა 13 ქულით. “ღამურები” მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად, სევილიასთან გამართავენ.








