საქართველოდან, ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში წასული ფეხბურთელების რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. ამჯერად 18 წლის გიორგი ამოევის შესახებ გიამბობთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიის ჩრდიოლეთ რეგიონლიგის კლუბ „ჰილდესჰეიმში“ გადავიდა. ახლაგაზრდა ფეხბურთელი თავდაპირველად 19-წლამდე გუნდის ღირსებას დაიცავს, მიზანი კი ძირითად გუნდში დაწინაურება და მაღალ დონეზე თამაშია.
გიორგი ამოევმა ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკში, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივის“ და „გაგრას“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, გერმანიაში წასვლამდე კი „გაგრას“ 19-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავდა.
„პრაიმ სპორტი“ 18 წლის ფეხბურთელს „ჰილდესჰეიმში“ დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
– თავდაპირველად, გვითხარი, როგორ შეაფასებდი შენს ტრანსფერს „ჰილდესჰაიმში“?
– რა თქმა უნდა დადებიდათ შევაფასებდი, კარგ ადგილას მოვხვდი და შევეცდები იმედები გავამართლო.
– როგორ დაახასიათებდი კლუბს?
– კარგი კლუბია, რომელსაც კარგი ბაზა აქვს. მოხარული ვარ აქ ყოფნით.
– რომელ პოზიციაზე თამაშობ?
– მცველად და საყრდენ ნახევარმცველად.
– კლუბის მიზნები გაგვაცანი.
– ამ ეტაპზე ვირიცხები 19-წლამდელებში და ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონატის მოგებაა, რაც შეეხება პირველ გუნდს, მესამე ბუნდესლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვთ.
– მწვრთნელთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– მწვრთნელმა კარგად მიმიღო და კარგი ურთიერთობა მაქვს.
– სხვა შემოთავაზებები თუ გქონდა და რატომ გადაწყვიტე ჰილდელსჰაიმში გადასვლა?
– კი, იყო ვარიანტები თბილისში და სხვა ქალაქებშიც, უბრალოდ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ და როდესაც ბაზაც ვნახე, ჩემი განვითარებისთვის და კარიერისთვის ასე გადავწყვიტე. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.
– ადაპტაციის პერიოდი არ გაგიჭირდა?
– არა, გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და ადაპტაციასაც კარგად გავდივარ. ახლა ენას ვსწავლობ.
– შენი აზრით რა განსხვავებაა ქართულ და გერმანულ ფეხბურთს შორის?
– პირველ რიგში რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო უმეტესად ბუნებრივ მოედნებზეა ვარჯიშები და თამაშები, თბილისში მხოლოდ ხელოვნურზე, რის გამოც თავიდან გამიჭირდა კიდეც. ინფრასტრუქტურის მხრივ დიდი განსხვავებაა.
– როგორ ფიქრობ, რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?
– არ იქნება სწორი ჩემს ძლიერ მხარეებზე მე ვისაუბრო. სუსტ მხარეებს რაც შეეხება გერმანიაში თამაშობენ სწრაფად და ამ კომპონენტის დახვეწა მინდა და ვმუშაობ ამაზე.
– შენ პირველ კლუბზე რომ გვესაუბრო? რამდენი წლის ასაკში შეხვედი ფეხბურთზე და ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი?
– ფეხბურთზე 5 წლის შევედი, 14 წლამდე სულაქველიძის აკადემიაში ვიყავი. პირველი მწვრთნელები ზაზა ცინარიძე და ჯაბა სულაქველიძე იყვნენ, ყველაფერში ძალიან დამეხმარნენ.
– რას იტყოდი „გაგრაზე“?
– ამ კლუბში 3 წელი ვირიცხებოდი და რა თქმა უნდა პატივს ვცემ. ძალიან მინდა „გაგრამ“ დიდ წარმატებას მიაღწიოს.
– როგორ შეაფასებდი მათ თამაშს ევროტურნირზე?
– ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს.
– ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშია?
– არა, ჯერჯერობით არ მითამაშია.
– შენს პოზიციაზე ვინ მიგაჩნია საუკეთესოდ?
– სერხიო რამოსი.
– შენი ოცნების გუნდი?
– ოცნების გუნდი არ მყავს, ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ ევროპაში მეთამაშა.
– ოცნება?
– ზოგადად ჩემს საფეხბურთო კარიერაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მამაჩემს და ვცდილობ რომ ყველაფერი გავაკეთო როგორც მას სურდა და ჩემი ოცნებაა რომ ვითამაშო ისე რომ იამაყოს ჩემით, მისი ოცნებაც ეს იყო, რომ მეთამაშა ევროპაში.
– რა გაძლევს მოტივაციას?
– პირველ რიგში ჩემი მთავარი მოტივაცია არის მამაჩემი, რომელიც არ აცდენდა არცერთ ვარჯიშს და თამაშს. მინდა მის ხსოვნას მივუძღვნა ყველაფერი. ასევე, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, რომლებსაც ჩემი წინსვლის სჯერათ და მინდა, რომ იმედები გავუმართლო.






