საქართველოს 18 გზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი ჰყავს.
როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდი გორის „დილას“ უკვე ყოფილმა თავკაცმა, გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა და 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან გორულ კლუბში საკმაოდ წარმატებულად იმუშავა და უკვე დასრულებულ სეზონში მესამე ადგილი მოაპოვებინა, ამით კი ევროსარბიელზე დააბრუნა.
ნემსაძის განცხადებით, ის ძირითადი ბირთვის შეცვლას არ აპირებს და მხოლოდ რამდენიმე „ჩავარდნილი“ პოზიციის შევსებას ეცდება.
გიორგი დინამოსთვის უცხო ნამდვილად არ არის, რადგან ის ამ გუნდში წლების განმავლობაში თამაშობდა და უკანასკნელ წლებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი წარმატების დროს, როცა დედაქალაქური კლუბი „უეფას თასის“ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, გუნდის კაპიტანი იყო.
შეგახსენებთ, ნემსაძემ დინამოს თავკაცის პოზიციაზე, ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ წასული ჩისკო მუნიოსი ჩაანაცვლა.





