შოთა არველაძემ „ჰალ სიტიში“ დანიშვნის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონშიფში მესამე შეხვედრა მოიგო. გათამაშების 38-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე მყოფ „ქოვენთრის“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 0:2 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. შოთის გუნდი მატჩის დებიუტში, მე-4 წუთზე სმოლვუდმა დააწინაურა, 28-ე წუთზე კი ლონგმენმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ჰალ სიტის“ გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა:
„მნიშვნელოვანი 3 ქულა და მთელი გუნდის დიდი ძალისხმევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარი კვლავ მშრალად შევინახეთ. კონცეტრაციას ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას. როგორც ყოველთვის, მადლობა გულშემატკივრებს საოცარი მხარდაჭერისთვის, რომლებიც სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოვიდნენ“, – წერს არველაძე.
38 ტურის შემდეგ „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-19 ადგილს იკავებს. ქართველი სპეციალისტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, საკუთარ მოედანზე „ლუტონის“ წინააღმდეგ გამართავს.