ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, გასულ ტურში მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა და ქართველმა მეკარემ დღევანდელი შეხვედრა კვლავ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.
ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის მატჩი არც თუ ისე სანახაობრივი და ამასთან, საკმაოდ უხეში გამოდგა. გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ 39-ჯერ დაჯარიმდნენ. „ვალენსიამ“ მეტოქის კარის ჩარჩოში მთელი თამაშის განმავლობაში ვერ დაარტყა, საპასუხოდ კი მადრიდელებმა მამარდაშვილს ზუსტად 6-ჯერ დაურტყეს.
საგულისხმოა, რომ ქართველმა მეკარემ საკუთარი კარისკენ გაშვებული ყველა ბურთი ხელებში გააქვავა და ის კუთხურისკენ, თუ სხვა მიმართულებით არ მოუგერიებია. მამარდაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, შეხვედრა გოლგაუშვებლად დაასრულა.
თუმცა, იყო ერთი ეპიზოდი, რომელსაც 21 წლის გოლკიპერის მდგომარეობის უარყოფითად შემოტრიალება შეეძლო. 71-ე წუთზე, თანაგუნდელი მამარდაშვილს ბურთს უკან უბრუნებდა, ქართველი მეკარე კი ატანის მომენტში შეცდა და ბურთი „ხეტაფეს“ თავდამსხმელს, ბორხა მაიორალს გაარტყა, მისგან ასხლეტილი ბურთი კი გიორგის კარის ჩარჩოში აღმოჩნდა. შედეგად, მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადაამოწმა, სადაც ნათლად გამოჩნდა რომ მამარდაშვილის დარტყმის მომენტში ბორხა მაიორალს ბურთი ხელზე მოხვდა და სწორედ ხელიდან ასხლეტილი ბურთი აღმოჩნდა ქართველი მეკარის კარში. მთავარმა მსაჯმა ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა და მამარდაშვილი აურაცხელ კრიტიკასაც გადაურჩა.
საბოლოოდ, როგორც ზემოთ გითხარით, გიორგიმ თავისი კარისკენ წასული ყველა ბურთი დამაჯერებლად მოიგერია და შეხვედრა კი ნულოვანი ფრით დასრულდა.
28 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ელჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.








