როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულ ლიგაში დასარჩენი ფლეი-აუთების შეხვედრები საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. კონკრეტულად, მარტვილის „მერანისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ წყვილში „მერანის“ გამარჯვების(2:0) შემდეგ ქუთაისური კლუბი ერთი შეხედვით გადაუჭრელი ამოცანის წინაშე დადგა, მაგრამ გია ცეცაძის გუნდმა ძალების მობილიზება შეძლო, რასაც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გულშემატკივრების მიერ შექმნილი საოცარი ატმოსფეროც დაემატა და „ტორპედომ“ თამაში შემოტრიალა. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 3:2 გაიმარჯვეს.
შესაბამისად, „ტორპედო“ მომავალი სეზონიდან კვლავ ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ კლუბს უკვე ახალი მფლობელიც ჰყავს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სახით, სავარადუდ გია ცეცაძის გუნდი ახალი სეზონიდან ბევრად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

„პრაიმ სპორტი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, მათე აბულაძეს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტევრიუ ჩაწერა:
– პირველ რიგში გილოცავთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, როგორ შეაფასებდით პლეი-ოფის მატჩებს?
– საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. პირველი მატჩის შემდეგ იყო ნერვიულობაც, მაგრამ ჩემი აზრით, ის რაც ქუთაისში მოხდა, ყოველგვარი ნერვების წყვეტად ღირდა. ეს იყო საფეხბურთო სამოთხე!
– გამარჯვების ემოციებზე რომ გვესაუბროთ.
– ემოციების ზღვა იყო, ყველამ ვიცოდით რომ ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექით, რადგან პირველ თამაშში საქმე გავირთულეთ.
– მატჩის 87-ე წუთზე მუდიმუმ ანგარიში გაათანაბრა. მოგცათ თუ არა ამ გოლმა ფსიქოლოგიური უპირატესობა?

– რა თქმა უნდა, ალეკის გოლის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ ვეღარაფერი გაგვაჩერებდა.
– პირველი მატჩის შემდეგ თქვენს მეტოქეს დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა თქვენ ეს მატჩი მაინც შემოატრიალეთ და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეთ. როგორ ფიქრობთ რის ხარჯზე მიაღწიეთ ამ წარმატებას?
– ამ დიდ გამარჯვების ჩვენი ხასიათის, მონდომების და იმ გულშემატკივრების დახმარებით მივაღწიეთ, რომლებიც 120 წუთის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მეთორმეტე მითამაშის როლს ასრულებდნენ. მე, როგორც ფეხბურთელი ვთვლი, რომ სწორედ ასეთი მატჩების გამო ღირს ცხოვრება.
– როგორ შეაფასებდით გია ცეცაძის მუშაობას კლუბში?
– გია ცეცაძემ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი რეგურალურად თამაში ასეთ გადამწყვეტ მატჩებში. ტრავმის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი გამიცდა და არ მეძლეოდა სათამაშო დრო. გიამ კი შანსი მომცა და ვამაყობ, რომ ეს ნდობა მას გავუმართლე.
– თორნიკე ახვლედიანზე რას იტყოდი?
– თორნიკე ახვლედიანი, როგორც პიროვნულად, ისე მოედანზე ძალიან მაგარი ადამიანი და პროფესიონალია. ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და არა მხოლოდ „მერანის“ წინააღმდეგ. ჩვენი გუნდისთვის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

– და ბოლოს, რას ეტყოდი „ტორპედოს“ გულშემატკივარს, „ჯუნგლებს“ და რას პირდებით მომავალ სეზონში?
– „ჯუნგლებს“ უდიდეს მადლობას ვეტყვი „მერანის“ წინააღმდეგ ჩატარებული პერფორმანსისთვის. ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან და ამას ყოველთვის ვგრძნობთ. პირადად ვიცნობ თითოეულ მათგანს და ვამაყობ, რომ მათი გულების გახარებაში რაღაც როლი მეც მიმიძღვის. ქუთაისელი ქომაგი იმსახურებს საუკეთესოს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ვპირდებით, რომ მომავალ წელს ჩვენი მიზანი არა ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, არამედ საპრიზო ადგილების დაკავება იქნება.








