ხომ არაერთხელ გინახავთ ფეხბურთელები და არა მარტო ისინი, სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლები, მწვრთნელები თუ მსაჯები პირზე ხელაფარებული რომ ლაპარაკობენ? ამის მიზეზიც გეცოდინებათ – ტუჩების და პირის მოძრაობით არც ისე ძნელი დასადგენია ვინ-ვის რა უთხრა.
როგორც ჩანს სერხიო აგუეროს ეს ამბავი აღარ ახსოვდა და გამოეპარა ან სულაც შეგნებულად გადაწყვიტა ასე ხელაღებით დალაპარაკებოდა პეპ გვარდიოლას. მწვრთნელსა და შეგირდს შორის ბაასი კი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის დროს შედგა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ გერმანულ „გლადბახს“ 2:0 მოუგო.
სერხიო აგუერო „ქალაქელთა“ ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. არგენტინელ ფორვარდს ტრავმებმა დარია ხელი და საკმაო ხანს უქმობა მოუხდა. როგორც ჩანს, მას ფორმა ბოლომდე აღდგენილი არ აქვს, რადგან თავი დიდად ვერაფრით გამოიჩინა. გვარდიოლამ ის 75-ე წუთზე შეცვალა.
მოედნიდან გასვლის შემდეგ 32 წლის ფორვარდმა მწვრთნელს გადაულაპარაკა. გამომეტყველებით ჩანდა, რომ აგუერო აღელვებული იყო. პოპულარულმა გამოცემა ESPN-მა აგუეროს სიტყვები გაშიფრა და დაადგინა, რომ შეგირდს მწვრთნელისთვის უთქვამს – „ისინი პასს არ მაძლევდნენ“.
რთული სათქმელია აგუეროს თანაგუნდელებისადმი ეს წყენა და ამავდროულად ბრალდება სიმართლეს შეესაბამება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არგენტინელმა შემტევმა მოედანზე ყოფნის დროს განსაკუთრებული ვერაფერი მოიმოქმედა.








