ქუთაისის “აიამ” დიდი 10-ის ფინალში ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით აჯობა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 26-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ქუთაისელებმა ბოლო ჩემპიონობა 1995 წელს მოიპოვეს, რის შემდეგაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები 4-ჯერ გახდნენ. აიამ ბათუმელებს 16:13 მოუგო.
”აია არენაზე” გამართულ მატჩში ქუთაისელები გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით დააწინაურა, “ბათუმმა” მამუკა ნინიძის ჯარიმით გაათანაბრა – 3:3. ბათუმი 31-ე წუთზე 14 კაცით დარჩა, მსაჯმა დაჩი კოპაძე გააძევა. “აიამ”კი ამ უპირატესობით ისარგებლა, პეტრე ჯინჭარაძემ ლელო დადო, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა და ტაიმი მასპინძლებმა 10:3 მოიგეს.
გიორგი ბაბუნაშვილმა მეორე ტაიმში კიდევ 2 ჯარიმა გაიტანა, რასაც ბათუმელებმა ბექა ურჯუკაშვილის ლელოთი და მამუკა ნინიძის ჯარიმა-გარდასახვით უპასუხა, თუმცა მეტოქემდე 3 ქულა დააკლდა და ჩემპიონობა დათმო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმს ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე აკლდა.
“აია” ქვეყნის ჩემპიონი მეოთხედ გახდა, ხოლო ბათუმმა ვიცე-ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელთა ათიანი გიორგი ბაბუნაშვილი დაასახელეს.








