ეროვნული ლიგის წინა ტურში, თბილისის „დინამოსთან“ პრინციპულ დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ, რასაც თან ახალი სტადიონის გახსნაც დაერთო, ბათუმელებმა ტეპმი არ დააგდეს და მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვეს, რამაც გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გაალიდერა.
კაცმა რომ თქვას, „ბათუმს“ თავისი ერთგული და მართლაც გამორჩეული ქომაგი სხვა შედეგს არც აპატიებდა, რადგან მეტოქედ მიმდინარე გათამაშების აშკარა აუტსაიდერი „სამტრედია“ ჰყავდა.
გია ცეცაძის გუნდს ნამდვილად არ ვაკნინებთ, თუმცა ფაქტია, რომ წყვილის ფავორიტი სწორედ ბათუმი იყო მიჩნეული და მათაც გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუეს.
სამტრედიელებმა სტუმრებს ვერაფერი დაუპირისპირეს. იმერული გუნდის მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ უკვე 28-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან შალვა ნადირაძე გააძევა.
ბათუმელებმა მეტოქეს წყნარად და აუღელვებლად 2:0 მოუგეს. გოლები ლაშა შინდაგორიძემ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბათუმი 28 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დამკვიდრდა.








