ეროვნული ლიგის მე-15 ტური ცენტრალური დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ.
ფეხბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ახლახანს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი წყვილი სწორედ თბილისურმა და ბათუმურმა გუნდებმა შეადგინეს და გულშემატკივარიც უდავოდ საინტერესო ჯახის მოლოდინშია.
მანამდე კი რკინიგზელები და ზღვისპირელები ერთმანეთს ჩემპიონატის ეგიდით შეხვდნენ და საკმაოდ დაძაბული მატჩიც ვიხილეთ. გია გეგუჩაძის გუნდს 4 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც საგურამოში შეწყდა. შეგახსენებთ, „ლოკომოტივი“ საშინაო მატჩებს უკვე სწორედ საგურამოს კოხტა საფეხბურთო კომპლექსში მართავს.
მატჩი კი მასპინძლებისთვის მეტად უიღბლოდ დაიწყო, რადგან უკვე მესამე წუთზე „ბათუმი“ ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ზუსტად გამოყენებული პენალტის წყალობით დაწინაურდა.
ანგარიში „ლოკომოტივის“ და საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მცველმა გურამ კაშიამ 35-ე წუთზე გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა – 2:1.
ბათუმელები ამ მარცხით დიდი ალბათობით სატურნირო ცხრილში ლიდერობას დაკარგავენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ თბილისის „დინამო“ სტუმრად გორის „დილასთან“ წააგებს.
„ლოკომოტივი“ მიჯრით 3 მოგების წყალობით 24 ქულით მე-3 ადგილზეა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 10 ივნისს სტუმრად „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს, რადგან ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზის დრო დგება.








