შარშან გადადებული და წლეულს დაგეგმილი „ტოკიო 2020“ აღარ გაიმართებაო. ამ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული გამოცემა Times. აღნიშნული მედია პლატფორმა საკმაოდ ავტორიტეტულია და სიტყვებს ჰაერზე არასდროს ისვრის.
მოკლედ, ბრიტანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ იაპონიის მთავრობამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი რა თქმა უნდა გლობალური პანდემიაა.
იაპონელი ხალხი, Covid 19-ის გამო, ასეთი გრანდიოზული სპორტული ფორუმის მათ ქვეყანაში გამართვას ისედაც ეწინააღმდეგებოდნენ. იაპონელი და კონკრეტულად ტოკიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, 200-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენების, ჟურნალისტების, ტურისტების და სხვა სტატუსის მქონე ათასობით ადამიანის ერთ ქალაქში თავმოყრა, მდგომარეობას დაამძიმებს და ეპიდაფეთქებას გამოიწვევს.
იაპონიის მთავრობამაც ეს გადაწყვეტილება ამი ნიადაგზე მიიღო, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ აჟღერებენო. ისინი იმედოვნებენ, რომ წლევანდელი ოლიმპიადის ნაცვლად, ტოკიო 2032 წლის თამაშებს უმასპინძლებს.
რა თქმა უნდა, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის შეხვედრა აუცილებლად შედგება და ამ საკითხზეც მსჯელობა იქნება. თავად სოკ-ის პრეზიდენტი, თომას ბახი იწრმუნება, რომ „ტოკიო 2020“ ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.








