თავისუფალი სტილით მოჭიდავემ და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც მას ფინალში ბოლო წამებზე დამარცხების შემდეგ დაეუფლა.
„ვერ ამოვხსენი ბოლომდე, რატომ წავაგე ფინალი. მომხდარს ვაანალიზებ, მაგრამ ახსნა არ მაქვს. რაღაც სხვა მოხდა, რაც არასდროს დამმართნია. ეს 10000 სპორტსმენში შეიძლება ერთს დაემართოს. კარნახიც იყო, შემართებაც, მთელი მოტივაცია ჩავდეთ ამ შეხვედრაში, მაგრამ ვიტყვი, რომ დავუშვი შეცდომა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამით არაფერი მთავრდება. ვეცადო – ეს არ არის შესაფერისი სიტყვა, უნდა გამოვასწორო. თუ არადა, მომავალი თაობა ისწავლის ჩემს შეცდომაზე, რომ სხვანაირად უნდა მიუდგეს ასეთ გადამწყვეტ შეხვედრას.
ფაქტობრივად, ჯიბეში მედო ოქროს მედალი. გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, რაღაც სხვა ემოციაა, რაც მე დამემართა, რასაც მე განვიცდი“, – თქვა პეტრიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გენო პეტრიაშვილი ამერიკელ გეიბლ სტივსონთან ბოლო წამზე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მომდევნო ტურნირი, რომელშიც ქართველი ფალავანი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 2 ოქტომბრიდან დაიწყება.








