ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ტოკიოში საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის წევრი სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ბრალდებით დააკავეს, ახლა კი ცნობილი გახდა სპორტსმენის ვინაობაც. ის პარაძიუდოისტი, ზვიად გოგოჭურია, რომელიც ოქროს მედლის მოპოვების რეალურ პრეტენდეტად მოიაზრებოდა. ინფორმაციას იაპონური სააგენტო NHK News-ზე დაყრდნობით Facebook-გვერდი „ჯუდოს დღიურები“ ავრცელებს.
ტოკიოში ჩასულ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აეროპორტში კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოლიმპიადაზე შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, მთელი გუნდი იზოლირებულ სასტუმროში მოათავსეს.
12 აგვისტოს სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა დერეფანში ხმაური გაიგონეს, ერთ-ერთი მცველი, რომლის ასაკიც 60 წელია მათ გაჩუმებას ეცადა და საკუთარ ნომრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. Fuji TV-ის მტკიცებით, ამ დროს ერთ-ერთმა სპორტსმენმა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იატაკზე დააგდო. გავრცელებული ინფორმაციით, მცველს ნეკნი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია მოთავსებული.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა აღიარა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მომხდარზე ბოდიშიც მოიხადა. ამის მიუხედავად, პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერის თქმით, სპორტსმენს გათამაშებაზე დისკვალიფიკაცია ელის.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გოგოჭური 2016 წელს, რიოს პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.








