რუსული სააგენტო „business-gazeta.ru“-ს სპორტულმა რედაქციამ საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი სტატია მოამზადა.
ჟურნალისტი, ალექსანდრ დეგტარიოვი 20 წლის ფეხბურთელს პირადად შეხვდა მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. კვარაცხელია თავის ბავშვობაზე, საქართველოში გატარებულ პერიოდზე და რუსეთში გადასვლაზე საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელს ჯერ არც რუსულ და არც ქართულ მედიაში არ ჩაუწერია.
Prime Sport-მა ინტერვიუ სრულად გადმოაქართულა და მას ქართველ გულშემატკივარს უცვლელად სთავაზობს:
– ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, მაგრამ ბავშვობა სამეგრელოში გაატარე, მოგვიყევი საქართველოს ამ მხარის შესახებ და რას ნიშნავს ის შენთვის?
– ეს ჩემი სამშობლოა. ყოველთვის, როდესაც საქართველოში ჩავდივარ, იქ წასვლასაც ვცდილობ. ამ ადგილის ნახვას ყველას ვურჩევ. ჩვენს რეგიონში რელიეფი ძალიან განსხვავებულია: მთაც და ვაკეც. იქ მშრომელი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც მეურნეობას ეწევა.
– მეგრელი ხარ?
– დიახ, ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელები სხვა კუთხის წარმომადგენლებისგან განსხვავდებიან. მაგალითად სამზარეულოთი. გვაქვს საფირმო კერძი ელარჯი. ზოგადად, სამეგრელო ულამაზესი ადგილია და ყველას ვურჩევ მის მონახულებას. საერთოდ, საქართველოში ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია. როდესაც ტურისტები ჩამოდიან, ყველა ადგილის ნახვას ცდილობენ, მხოლოდ ერთის არჩევა რთულია.

– ფეხბურთში პირველი ნაბიჯები თბილისში გადადგი?
– თამაში 5 წლის ასაკში თბილისში, ჩემი უბნის ეზოში დავიწყე. დილით სახლიდან ადრე გავდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი. 8 წლის ვიყავი, როდესაც „ავაზაში“ მივედი, 11 წლიდან კი თბილისის „დინამოში“ ვიყავი.
– არ შეგეშინდა ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლის?
– აღფრთოვანება არ მიგრძვნია, არც მინერვიულია. რა თქმა უნდა ვიცი, რომ დინამო უდიდესი გუნდია, მაგრამ იქ გადასვლა მხოლოდ სასიხარულო მოვლენა იყო.
– ბავშვობაში ფეხბურთს უფროსებთან ერთად თამაშობდით?
– კი, მაგრამ ეს პროფესიონალური თამაში არ ყოფილა, მხოლოდ ეზოს დონეზე. ეს ჩემთვის კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო.
– როცა უფროსებს ატყუებდი ფეხებში არ გირტყამდნენ?
– ცოტ-ცოტას კი (იცინის). მტკივნეული იყო, მაგრამ ძალიან არა.
– სლუცკიმ თქვა, რომ შენი პირველი ვარჯიშის შემდეგ მან მოთამაშეების დაჯარიმება დაიწყო. მათი, ვინც ვარჯიშზე სამედიცინო დახმარებას ითხოვდა.
– პირველი შემთხვევის დროს მე არ დამაჯარიმეს. ახლა ასეთი პრაქტიკა არსებობს. როგორც კი მტკივნეული კონტაქტი ხდება, მაშინვე ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოკვდი, უნდა ადგე.
– ბავშვობაში როგორ საფარზე თამაშობდი?
– ასფალტის მოედნები გვქონდა. შემდეგ გააკეთეს ბალახის მოედნები, მაგრამ იქ ძირითადად უფროსები თამაშობდნენ და ჩვენ შესვლის უფლებას არ გვაძლევდნენ, რის გამოც მაინც ასფალტზე გვიწევდა თამაში. ამის გამო მუხლები სულ გადატყავებული მქონდა.

– ბავშვობაში როგორი საფეხბურთო თამაშები გქონდათ? ჩვენ გვაქვს „ორი ბანანი“ ან „300“. იყო საქართველოში რამე მსგავსი?
– ჩვენ გვაქვს „105“. ბურთი უნდა გაარტყა ხარიხას ან ძელს და ეს ქულებს გაძლევს. აუცილებლად უნდა მოარტყა ჩარჩოში და შემდეგ გაიტანო (იდენტური წესები რუსული „300“-ის). ასევე გვაქვს თამაში „ქულა“. უნდა გაიტანო მხოლოდ ჰაერიდან, ჩაწოდების დროს (იდენტური წესები რუსული „სამი ბანანის“).
– ზამთარში რას თამაშობდით?
– თოვლზე წყალს ვასხავდით, ვყინავდით და ვსრიალებდით. რა თქმა უნდა ფეხბურთსაც ვთამაშობდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა თოვლი იყო თუ წვიმა. მაგრამ საქართველოში გაცილებით ნაკლები თოვლია, ვიდრე რუსეთში.
– „დინამოში“ დიდების გუნდში 15-16 წლის ასაკში აღმოჩნდი. როგორ ჩაიარა ძირითად გუნდთან ერთად პირველმა ვარჯიშმა?
– თავიდან რთული იყო. 15 წლის ასაკში უფროსებთან თამაში ძალიან დიდი ტვირთია. მაგრამ, შემდეგ ყველაფერს შევეჩვიე. თუ გინდა, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშო, ასეთ რაღაცეებს უნდა გაუძლო.
– იქ იყო კიდევ ერთი ტალანტი, ზურიკო დავითაშვილი, რომელთან ერთადაც „რუბინში“ თამაშობდი. საქართველოში დამეგობრდით?
– ჩვენ 11 წლიდან ერთად ვართ. როდესაც პატარები ვიყავით გვერდი გვერდ ვთამაშობდით. როდესაც მოედანზე ერთად ვართ, მაშინ თამაშიც მიგვდის. კარგად ვგრძნობ მის მოქმედებას: სად მომცემს პასს და სად გაიხსნება. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ დიდ კლუბში თამაშის დიდი შესაძლებლობა აქვს.
– საბჭოთა კავშირის პერიოდში თბილისის დინამო სუპერკლუბად ითვლებოდა, რომელიც ევროპულ ტურნირებზე წარმატებით თამაშობდა. რით განსხვავდება ის გუნდი „რუბინისგან“?
– „რუბინის“ ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია. თბილისში კარგი მოედნები ბევრი არ არის. მაგრამ „დინამოს“ აქვს კარგი ბაზა. საქართველოში მხოლოდ 3-4 გუნდია, რომელსაც მსგავსი არენები და მოსამზადებლად კარგი პირობები აქვთ.
– თუ „რუბინი“ საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ ითამაშებს, როგორ დასრულდება ეს შეხვედრა?
– რა თქმა უნდა „რუბინი“ მოიგებს. მაგრამ საქართველოში შესანიშნავი გუნდები არიან. მაგალითად თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც ევროტურნირიდან მოსკოვის „დინამო“ გააგდო. საქართველოში ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელები ბევრი გვყავს, რაც შიდა ჩემპიონატს უფრო კარგს ხდის. ახლა ცუდად არ მივდივართ, ვპროგრესირებთ და ვვითარდებით. შენდება სტადიონები და ბაზები.
– რუსეთში ძირითადად ტაქტიკურ და დაცვით ფეხბურთს თამაშობენ. საქართველოში როგორია?
– მართალია, „რუბინშიც“ და ზოგადად, მთელ რუსეთში ტაქტიკა განსხვავებულია. უფრო დიდი ყურადღება დაცვას ეთმობა. საქართველოშიც თამაშს კარგი დაცვის ხარჯზე იწყებენ. რა თქმა უნდა, ქართული მენტალიტეტიც თავისას აკეთებს და ფეხბურთელები თამაშს საკუთარ თავზე იღებენ, ამ დროს მათთვის ბურთის წართმევა შეუძლებელია.
– ტაქტიკის თვალსაზრისით რუსეთში ადაპტირება რთული იყო?
– არა, ადვილი იყო, რადგან „ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელი იური სემინი იყო. როდესაც მას ვესაუბრე მაშინვე მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა ვვარჯიშობდი, ვუყურებდი „ლოკომოტივის“ სხვა ფეხბურთელებს და საბოლოოდ შევეჩვიე.
– „დინამოს“ შემდეგ რუსთავში თამაშობდი. რატომ გადაწყვიტე გრანდიდან შედარებით დაბალი კლასის კლუბში გადასვლა?
– ეს გუნდი ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ააშენა. მითხრეს, რომ უფრო პერსპექტივა და მეტი სათამაშო დრო მექნებოდა, ჩემთვის კი ეს, იმ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ „დინამოში“ თამაშს იქ ყოფნა სჯობდა.
– როგორი ქალაქია რუსთავი?
– ეს არის პატარა ქალაქი, თბილისიდან 40 წუთის სავალზე.
– და როგორი იყო დიდი ქალაქიდან იქ გადაბარგება?
– თბილისში ვვარჯიშობდით და საშინაო თამაშებსაც დედაქალაქში ვმართავდით, რადგან იმ პერიოდში რუსთავში ახალი სტადიონი შენდებოდა. გულშემატკივრები ყველა თამაშზე ჩამოდიოდნენ, ეს პრობლემა არ ყოფილა.
– როგორი გულშემატკივრობაა საქართველოში?
– სამწუხაროდ თამაშებზე ცოტა დადის, მაგრამ მათ ხმას მაინც მოისმენთ. არიან გუნდები, რომლის თამაშებსაც გულშემატკივრები მასიურად ესწრებიან. მაგალითად, „დინამო“, მათ ძალიან კარგი ქომაგები ჰყავთ. ასევე, ქუთაისის „ტორპედო“, რომელსაც გულშემატკივრები საკმაოდ ძლიერად ქომაგობენ.

– მამაშენი, ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია. შენი პირველი მწვრთნელი ის იყო?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის თამაში არასდროს დაუძალებია, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო. მამაჩემმა თავისი კარიერის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა. ის აზერბაიჯანის ნაკრებშიც კი თამაშობდა.
– მას ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ამის შესახებ გახსოვს?
– არა, არაფერი მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ გვაქვს მისი თამასის ჩანაწერები, რომლებსაც ბევრჯერ ვუყურე. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ მესი და რონალდუ საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ მეგონა, რომ მამა მათზე უკეთესად თამაშობდა.
რატომ ითამაშა მამაშენმა აზერბაიჯანის ნაკრებში?
– ჩემთვის რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ამ საკითხზე საერთოდ არ გვისაუბრია. თუმცა, მამაჩემმა დიდი დრო გაატარა აზერბაიჯანის ჩემპიონატში და ალბათ ამიტომ. ვფიქრობ, ეს მისი არჩევანი იყო. ისიც არ ვიცი, როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ამ თემაზე.
– მაგრამ ახლა ის საქართველოში ცხოვრობს. რას საქმიანობს?
– რამდენიმე წლის წინ მან სამწვრთნელო საქმიანობა ჩემი თხოვნით დაასრულა. ეს ნაწილობრივ ჯანმრთელობის პრობლემებით იყო გამოწვეული. უკეთესი იქნება ახლა სახლში თუ იჯდება და ჩემს თამაშებს უყურებს.
– „რუბინში“ სლუცკის მოსვლის შემდეგ გუნდიდან თითქმის ყველა ქართველი წავიდა, მათ შორის ზურიკოც. ამის გამო ხომ არ მოიწყინე?
– თავიდან ზურიკოსთან ერთად ვიყავი, მაგრამ როცა ის წავიდა მარტო დავრჩი. ამის გამო რუსულად უფრო მეტს ვსაუბრობ, ვიდრე მაშინ. მანამდე იყო ნიკა ყიფიანიც, რომელიც თარგმნაში გვეხმარებოდა. რუსულ ენაზე ერთი ისტორია მაქვს: ჩვენთან რუსული ენის პედაგოგი მოვიდა. პირველი გაკვეთილი რომ ჩაატარა ყველაფერი კარგად იყო, მეორე გაკვეთილზე კი გრამატიკის ახსნა დაიწყო და მივხვდით, რომ საქმე ძალიან რთულად იყო (იცინის). ამის გამო სწავლა აღარ გავაგრძელეთ.
– სკოლაში რუსულს სწავლობდი?
კი. საქართველოში მესამე კლასიდან ინგლისურს და რუსულს ყველა სწავლობს.
– ე.ი. ცუდად სწავლობდი?
– არა, არა, გულმოდგინედ ვსწავლობდი, მეცხრე კლასამდე. მაგრამ ამის შემდეგ მთავარ გუნდთან დავიწყე ვარჯიში და სკოლაში ვეღარ მივდიოდი. დღეს საქართველოში თინეიჯერები რუსულს აღარ სწავლობენ, ყველამ იცის ინგლისური, თუმცა უფროსი თაობა რუსულად კარგად საუბრობს.
– საერთოდ, როგორ განიხილება თქვენს თაობაში რუსეთი?
– პოლიტიკური კითხვაა. არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
– საინტერესოა შენი აზრი ყაზანზე და თათრეთის შესახებ. არის განსხვავება დანარჩენის რუსეთისგან?
– სამწუხაროდ, რეგიონის კარგად გაცნობის შესაძლებლობა არ მქონია, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ბაზაზე ვატარებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩაკ-ჩაკი მიყვარს, ძალიან გემრიელია.
– როდესაც „რუბინში“ გადმოდიოდი, იცოდით სად მიდიოდი?
– კი, ვიცოდი. აქ ბევრი ქართველი თამაშობდა – ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია. ტრანსფერამდე მათ ვესაუბრე.
– იმ დროს 18 წლის იყავი. როგორ დაუკავშირდი ზრდასრულ ლაშა სალუქვაძეს?
– ჩვენ დინამოში ვთამაშობდით ერთად. მე ვიწყებდი, ის კი ასრულებდა. მასთან ერთად რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გავიარე.
– რა გითხრეს სალუქვაძემ და სხვებმა ყაზანის შესახებ?
– მითხრეს, რომ კარგი გუნდია, ლამაზი ქალაქია და ა.შ. თუმცა სხვა რაღაცაზე არ მიფიქრია, ჩემთვის მთავარი ფეხბურთია.
– „ლოკომოტივში“ შენს თანაგუნდელს, სოლომონ კვირკველიას, რომელიც ყაზანშიც თამაშობდა არაფერი უთქვამს?
– რა თქმა უნდა, კი. მან იცოდა, რომ ყაზანიდან შემოთავაზება მქონდა. მისი წარსულის მიუხედავად, საბამ მითხრა, რომ „რუბინი“ კარგი გუნდი იყო და ჩემთვის აქ ყოფნა სასარგებლო იქნებოდა.
– ქართველ ფეხბურთელებს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ?
– კი, ჩვენ ერთმანეთთან თაობებით ვმეგობრობთ. მაგალითად, ჩემი და ზურიკოს მშობლები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ზურიკოს მამაც ფეხბურთელია, ის ძლიერი თავდამსხმელი იყო. სხვათაშორის, დინამოს აკადემიაში ყოფნის დროს ის ჩვენი მწვრთნელი იყო.
– საქართველოს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ვინ არის?
– ვფიქრობ, კახა კალაძე. ის ძალიან ძლიერი იყო, ოჯრერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემტევი ფეხბურთელებიდან გიორგი ქინქლაძე. მას მესის მსგავსი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდა. მგონია, რომ მას ოქროს ბურთის მოგებაც შეეძლო. ასე გამორჩევა ძნელია, ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გვყავდა – ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია… შეუძლებელია ყველას ჩამოთვლა.

– ვინ არის შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი?
– ქინქლაძის თამაში მომეწონა, მაგრამ კალაძე ყველაზე წარმატებული გახდა. ორივე ძალიან მომწონდა. ასაკის გამო მათ თამაშებს ვერ ვუყურებდი, მაგრამ ახლა ჩანაწერებს ვნახულობ. ქინქლაძე ძალიან ნიჭიერი იყო! საქართველოში ყველა ამბობს, რომ მას ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა.
– მან „რუბინშიც“ ითამაშა, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს და არც ისე კარგად. ქინქლაძეს პირადად იცნობ?
– დიახ, ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით. მისი თაობა სულ მეუბნება, რომ შენ პროფესიონალი უნდა იყო და ფეხბურთის გამო ყველაფერი უნდა გააკეთოო.
– კვლავ განაგრძობ „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრებას?
– დიახ, რა თქმა უნდა. ჩემთვის უკეთესია ბაზაზე ცხოვრება, ასე უფრო პროფესიონალად ვგრძნობ თავს. სახლის ქირაობას დრო სჭირდება.
– მაგრამ, ზოგჯერ ფეხბურთისგანაც უნდა დაისვენო…
– მეგობრებთან ერთად ჰოკეიზე, ან კალათბურთზე სიარულიც შემიძლია. მეგობრებში თანაგუნდელებს ვგულისხმობ. კლუბის გარეთ ურთიერთობა არავისთან მაქვს. მხოლოდ თარჯიმანთან, ზაზასთან ერთად წავედი რამდენჯერმე რესტორანში. სინამდვილეში, მხოლოდ შესვენების დროს ვისვენებ, მაშინ, როდესაც სახლში ვბრუნდები. აქ მაქსიმალურად საქმეზე ვარ კონცეტრირებული.
– როდესმე ჰოკეიზე ყოფილხარ?
– ერთხელ „ა.კ. ბარსას“ მატჩზე წავედი. შაიბა ვერ დავინახე და პირველი პერიოდის შემდეგ წამოვედი (იცინის). ყაზანელები იმ მატჩს 3:0 იგებდნენ და საინტერესოც აღარ იყო. მაგრამ ჩემს თანაგუნდელებს უყვართ ჰოკეი და თამაშებზეც რეგულარულად დადიან.
– ჰოკეი პირველად აქ ნახეთ?
– დიახ, საქართველოში ჰოკეი საერთოდ არ გვაქვს. არასდროს მინახავს ყინულის მოედნები.
– „უნიკსის“ თამაშებზე დადიხარ?
– ძალიან მინდა „მონაკოსთან“ ევროპის თასის ფინალზე წასვლა. მაგრამ, ხშირად ემთხვევა ჩვენი თამაშები ერთმანეთს, ამიტომ ეს შეუძლებელია.
– ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია?
– დიახ, რა თქმა უნდა! თუმცა არის რაგბიც, კალათბურთიც და ჩოგბურთიც, რომელსაც ასევე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
– საქართველოში შვებულებას როგორ ატარებ?
– ძირითადად მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. ბოლოს გოგირდის წყლებზე წავედით. ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქვს. ზღვა გინდა? – ბათუმი. შეიძლება ოდესმე სხვა ქვეყნებში დავიწყო დასვენება, მაგრამ ახლა საქართველოში მინდა. წელს კორონავირუსის გამო ჩემს ოჯახთან ცოტა დრო გავატარე, ამიტომ ჯობია ჩემს ქვეყანაში დავისვენო, ოჯახთან ერთად.
– ბოლოს ყაზანში როდის ჩამოვიდნენ?
– კარანტინამდე. ახლა სახლში არიან, რადგან პანდემიის პერიოდში ასე ჯობია.
– COVID-19 გადაიტანე?
– დიახ, იმ დროს საქართველოში ვიყავი. კომპიუტერთან ვიჯექი და ვთამაშობდი, მეტი არაფერი. ორი დღე ტემპერატურა მქონდა – 37.2-37.4, სხვა არაფერი არ მქონდა. ჩრდ. მაკედონიასთან თამაშამდე ორი დღით ადრე გავხდი ავად და იძულებული გავხდი შეხვედრა გამომეტოვებინა.
– გუნდს ალბათ ყველაზე მეტად ახლა სჭირდებოდი, ხო?
– არ ვიცი. საქართველოში ეს ყველას აწუხებდა. ძალიან მძიმედ ვიყავი – აქამდე, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი არ გვქონია. არ ვიცი ასეთი შანსი კიდევ როდის გვექნება.

– საქართველოში უკვე სუპერვარსკვლავი ხარ?
– არა!
– მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელად ხომ დაგასახელეს?
– კი. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, მაგრამ მე კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. აღიარება კარგია, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ქუჩაში რა თქმა უნდა მცნობენ, მაჩერებენ, სურათებს იღებენ, ავტოგრაფს მართმევენ. „რუბინის“ თამაშებზეც ბევრმა დაიწყო სიარული, რომ ჩემი თამაში ნახონ.
– ადრე ალბათ ამბობდნენ, რომ ბადრი კვარაცხელიას შვილი ხარ, ახლა კი მასზე ამბობენ, რომ ხვიჩას მამაა?
– (იცინის) რა სიმაღლესაც არ უნდა მივაღწიო, მე მაინც მამაჩემის შვილი ვიქნები. მაგრამ, რა თქმა უნდა ძალიან მინდა, რომ მის კარიერას ვაჯობო.
– ქართველები კარგ მომღერლებად ითვლებიან. შენ როგორ მღერი?
– რა თქმა უნდა სიმღერა მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაში ნიჭიერი ვარ. მომწონს რეპი. ეს სახეობა საქართველოშიც მაღალ დონეზეა. ქართველ რეპერებში ყველაზე ნათელი წარმომადგენელი არის L’ONE (ლევან გოროზია).
– 2019 წელს „რუბინში“ მოულოდნელად აღმოჩნდი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს შენთვის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მართალია?
– არა, გადაწყვეტილება აგენტთან ერთად მივიღე. ჩვენ ერთად განვიხილეთ ეს საკითხი. „რუბინის“ სიძლიერეში ეჭვი არ შემპარვია. ვესაუბრე „რუბინის“ ყოფილ ფეხბურთელებსაც, შევაგროვე ინფორმაცია და აგენტთან ერთად გადავწყვიტე აქ წამოსვლა.
– მოსკოვის „ლოკომოტივში“ მხოლოდ ნახევარი წელი იყავი, მაგრამ სემინთან ერთად მუშაობა მაინც მოახერხე. რა მოგცა ამ გამოცდილებამ?
– სემინთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მისით ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ბევრი რამ მასწავლა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც. კონკრეტულად რაღაცის გამოყოფა რთულია. თუ ფეხბურთზე ვისაუბრებთ, სემინმა გუნდური თამაშის მხრივ ბევრი რამ მასწავლა. მასთან პირადად ხშირად ვსაუბრობდი.
– ახლა შენი მწვრთნელი სლუცკია. გუნდში მისი მოსვლის შემდეგ შენ მაშინვე ლიდერი გახდი. შეიძლება ითქვას, რომ ის შენთვის საუკეთესო მწვრთნელია?
– რა თქმა უნდა, მისი მოსვლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. რომან შარონოვის პერიოდში მე არ მითამაშია, რადგან ფიქრობდა, რომ სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ხდება ხოლმე, ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. სლუცკი მოვიდა, შანსი მომცა და გამოვიყენე. აქამდე უკმაყოფილო ვიყავი, რადგან თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა. ამის მიუხედავად, ყოველ ვარჯიშზე 100%-ით ვიხარჯებოდი და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ეს სლუცკიმ მაშინვე დაინახა და დააფასა.
– შარონოვთან სათამაშო დროის სიმცირეზე საუბრობდი?
– ახალი სეზონი რომ დაიწყო ცოტას მათამაშებდა. თვენახევრის შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე დამსვა. ბუნებრივია, ვკითხე ასე რატომ მოიქცა, შემდეგ კი შევწყვიტე კითხვების დასმა. ამ საუბრებიდან კონკრეტული აღარაფერი მახსოვს, მაგრამ ერთი რამის თქმა მაინც შემიძლია: შარონოვის მადლობელი ვარ, მან გამიჩინა ბრძოლის სურვილი, ხელი არ ჩამიქნევია და უფრო მეტს ვშრომობდი. სწორედ ამისთვის ღირს მადლობის გადახდა.
– ამბობენ, რომ შარონოვი მოთამაშეებთან დისტანციას იცავს, სლუცკი კი პირიქით.
– სლუცკის ყველა ფეხბურთელთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მაგრამ შარონოვზე ვერ ვიტყოდი, რომ მოთამაშეებთან ურთიერთობაში მანძილი ჰქონდა, ისიც მეგობრული იყო.

– წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: სლუცკი გახდა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი და გუნდში შენც შემოგთავაზა თამაში. რას უპასუხებდი?
– მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და ყოველთვის ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ. მართალია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგზიც თამაშობდა უელსში და ვერსად გავიდა, შემდეგ კი გარეთ ბეილი მოვიდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას აქვს თავისი გზა.
– სლუცკის საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები აქვს. რთული იყო ამ მიმართულებით მის მოთხოვნებთან ადაპტირება?
– როდესაც „ლოკომოტივში“ მივედი ფიზიკური ტვირთის სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ „რუბინში“ შეგუება აღარ დამჭირვებია, რადგან ფიზიკურად უკვე მზად ვიყავი. ასევე, ვერ ვიტყოდი, რომ სლუცკის ვარჯიშები გაცილებით რთულია, ვიდრე შარონოვის, მაგრამ დეტალებში სხვაობა არის. შარონოვის ნამუშევრები ძირითადად ტაქტიკას ეხებოდა, სლუცკის კი ბურთის ფლობას.
– იცოდი თუ არა რაიმე სლუცკის შესახებ, სანამ ის „რუბინში“ მოვიდოდა?
– რა თქმა უნდა, ვიცოდი „ჰალედან“ და „ვიტესიდან“. ცსკა-დანაც მახსოვს, როდესაც PES-ს ვთამაშობდი (კომპიუტერული საფეხბურთო სიმულატორი). სხვათაშორის იქ ოლეგ შატოვითაც ვთამაშობდი, ახლა კი მასთან ერთად ვვარჯიშობ.
– ინდივიდუალურად, რომელ გუნდთან თამაშია ყველაზე რთული?
– „ხიმკისთან“ იყო რთული, რადგან დაცვაში ძალიან ორგანიზებულად თამაშობდნენ. დიმიტრი ხიტი ყოველ წუთს ჩემს გვერდით იყო. რთულია, როდესაც მეტოქე ინდივიდუალურად გეთამაშება და კიდევ უფრო რთულია, როდესაც ჩემს წინააღმდეგ ორი კაცი თამაშობს.
– „რუბინის“ მიღმა, რომელია რუსეთში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი?
– რა თქმა უნდა ნიკოლა ვლაჩიჩი. კიდევ ვანდერსონი და არწიომ ძიუბა. ისინი ძალიან მაგრები არიან. ასევე სერდარ აზმუნი. მან კარგად იცის სად უნდა გაიხსნას და რა დროს უნდა ახტეს – უბრალოდ „ვაუ“.

– როგორ რეაგირებ, როდესაც შენს წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ?
– უკვე შევეჩვიე. ვიცი, რომ ასე ითამაშებენ. ისეც ხდება, რომ უბრალოდ ვდგავარ და ვიღაც ცხვირში მირტყავს. მაგრამ ეს ფეხბურთია, ხდება ხოლმე. ასეთ ქმედებებზე აღარ ვბრაზდები, ჯობია ფეხბურთით და კარგი თამაშით ვუპასუხო.
– ოდესმე გიჩხუბიათ?
– რა თქმა უნდა, მეგობრებთან, ეზოში. მართალია ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ერთმანეთსაც ძალიან კარგად ვექცევით, მაგრამ სულ ვჩხუბობდით.
– შენი ამჟამინდელი უნარები ბავშვობის მწვრთნელების დამსახურებაა?
– დიახ, შემიძლია დავასახელო ის ოთხივე მწვრთნელი, რომლებმაც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ისინი სულ მეუბნებოდნენ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. ზურიკოს მამა, სულიკო დავითაშვილი, ის ნამდვილად დამეხმარა ამ მიმართულებით. მანამდე ანზორ კინწურაშვილი, რომელთანაც ძალიან პატარა ასაკში ვიყავი „ავაზაში“. იყო ასევე დავით იმნაძე, ახალგაზრდა, ძალიან კარგი მწვრთნელი. და ასევე ვლადიმერ კაკაშვილი, რომელთანაც „დინამოს“ მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი. ის რუსეთში, „ლოკომოტივშიც“ თამაშობდა. ძალიან კარგი ადამიანია და მაღალ დონეზე ასვლაში დამეხმარა.
– ყოველ კვირას ვიგებთ, რომ შენით არაერთი უცხოური კლუბი ინტერესდება. შენ რომელ კლუბში გსურს თამაში?
– ბავშვობიდან მადრიდის „რეალს“ ვგულშემატკივრობ. მაგრამ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უფრო ვოცნებობ, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ კლუბში გადასვლაზე.
– ჩვენ რედაქციაში გვინდა გავაკეთოთ რუბრიკა – „კლუბი, რომელიც ჯერ არ დაინტერესებულა ხვიჩათი“. რაოდენობა დღითიდღე მცირდება. როგორ რეაგირებ ამ ამბებზე?
– ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, გულწრფელად გეუბნებით. ახლა ყოველდღიურად მხოლოდ „რუბინზე“ ვფიქრობ, ყველა თამაში მნიშვნელოვანია. უფრო მეტს ვფიქრობ რა მოხდება უახლოეს მომავალში, დღეს, ხვალ… ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ზოგჯერ, ამის შესახებ ჩემი გუნდელებიც საუბრობენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
– რონალდუ თუ მესი?
– რონალდუ. მესი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ის საუკეთესოა, ნომერი პირველი, ულაპარაკოდ. არ შეიძლება არ მომწონდეს, რასაც ის აკეთებს, მაგრამ რონალდუ როგორც სპორტსმენი პირველია. მგონია, რომ მათი შედარება არასწორია, რადგან ორივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია, უბრალოდ განსხვავებულები. მე რონალდუ მირჩევნია.
– მათ შემდეგ?
– ნეიმარი, მბაპე. მგონია, რომ ორივე მალე მოიგებს ოქროს ბურთს.
– სანამ მეტოქეს გაცდები, წინასწარ ფიქრობ მოქმედებაზე, თუ ინტუიციით აკეთებ?
ინტუიციით. შეუძლებელია თამაშის დროს რამე მოიფიქრო და წინასწარ დაფიქრდე, ეს თავისით მოდის.
– „რუბინში“ ყველაზე მეტს ვისგან სწავლობ?
– თითოეული გუნდელისგან რაღაცას ვსწავლობ. მაგალითად, შატოვი 30 წლისაა და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც დავინახე როგორ ვარჯიშობს ყოველდღიურად ამ ასაკში.

– როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი?
– ვცდილობ რაციონიდან ყველა ცხიმიანი საჭმელი ამოვიღო, ასევე სახამებლებიც. პრინციპში, ყველაფერი, რაც ჩვენს ბაზაზე მზადდება სწორ კვებას ხელს უწყობს. ძირითადად 23:00 საათამდე ვცდილობ დაძინებას. ხანდახან დღისითაც მეძინება, ამის გამო ღამე ადრე დაძინება მიჭირს. თამაშის წინა დღეს ვცდილობ, რომ დღისით არ დავიძინო. ასევე, მატჩამდე არ ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს, მხოლოდ მობილურს.
– შვებულების დროს დრო როგორ გაგყავს?
– საქართველოში როდესაც ჩავდივარ 2-3 დღე ვისვენებ. შემდეგ ფორმას ვინარჩუნებ: ხშირად ვთამაშობ მინი-ფეხბურთს და წონა რომ არ მოვიმატო ბევრს დავრბივარ.
– მინი-ფეხბურთი საშიში არ არის? მოედანს ხომ მყარი ზედაპირი აქვს?
– რისკი არ არსებობს. ჩემს მეგობრებთან ვთამაშობ და იციან, რომ ფეხში არ უნდა ჩამარტყან. სხვათაშორის, მათთან თამაში ძალიან საინტერესოა, ბევრი ადამიანიც მოდის სპეციალურად ამის სანახავად.
– და ბოლოს, რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ ძალიან სურს შენი კლუბში დარჩენა შემდეგი სეზონისთვის, ეთანხმები?
არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რადგან ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება. არ ვიცი რა იქნება ხვალ, რადგან დღევანდელი დღით ვცხოვრობ. განვითარების შანსი ყველგან არსებობს, ყველაფერი კი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.







