საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო სესია დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 მატჩში ჯვაროსნებმა ორი დათმეს, საბერძნეთთან კი სალონიკში ფრე გააგორეს.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქულათა გრაფაში ახლა საქართველოს ნაკრები უფრო მეტ ქულას იმსახურებს, ვიდრე აქვს, რადგან შვედეთთანაც და ესპანეთთანაც დამაჯერებლად ითამაშეს, თუმცა ძველი გამოთქმაა – ძლიერებს უფრო უმართლებსო. ესპანეთის ნაკრებმაც თბილისში გამარჯვება მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხა.
პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ Sports.ru-მ ქართველ ტალანტს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა, სადაც მისდამი დითირამბებს არ იშურებს.
„საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო, რაც უფრო უიღბლობას უნდა დავაბრალოთ. ქართველებს მომენტები შვედებთანაც ჰქონდათ და ესპანელებთანაც. „ფურია როხასთან“ ვილი სანიოლის გუნდი სულაც ბოლო წამებზე დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს მოსაგები მატჩი ჰქონდა საბერძნეთის ნაკრებთანაც, მაგრამ აქაც უიღბლობამ იჩინა თავი. 76-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ ბერძნებს შთამბეჭდავად უპასუხა.
ქართველმა ტალანტმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, თავისი ფინტებით მოწინააღმდეგე გუნდის მცველი, მავრიასი წააქცია და მეკარისგან ახლო კუთხეში გაიტანა. ხვიჩას გოლმა საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა მოუტანა.
ამ სანაკრებო პაუზისას, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლის გატანა მარტო მან შეძლო. ის სამივე შეხვედრაში ასევე საუკეთესო დრიბლიორი იყო.
ხვიჩას გამოსვლამ შესაძლოა, ევროპელი კლუბების სკაუტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მის ევროპაში ტრანსფერზე რუბინის თავკაცი, ლეონიდ სლუცკიც საუბრობს: „ხვიჩა ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, რომელშიც სათამაშო დრო გარანტირებულად ექნება. კლუბში, რომელიც მას შეცდომის დაშვების უფლებას მისცემს.
ხვიჩასთვის საჭიროა, რომ შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდეს და საკუთარი გიჟური დრიბლინგის განხორციელების ბევრი შანსი მიიღოს. ასაკი მას აძლევს იმის საშუალებას, რომ გრანდში გადასვლამდე შუალედური ნაბიჯი გადადგას და სევილიას, ლევერკუზენის ბაიერის ან ატალანტას დონის გუნდში ითამაშოს,“ – ამბობს სლუცკი.
ევროპაში წასვლამდე ხვიჩამ ლუის ენრიკეს ქება დაიმსახურა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დიდი მომავალი აქვს“ – წერს გამოცემა Sports.ru.






