უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის თამაში გამოარჩიეს.
მაშინ როდესაც მისი გუნდი ფეჰერვარი მეტოქეს 2:0 ამარცხებდა, ბუდუს რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის ნახევარზე პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გოლის გატანის მაგივრად, პასი თანაგუნდელს გადააწოდა და ივან პეტრიაკის ცარიელ კარში გაატანინა.
ბუდუ ზივზივაძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმ აუტში“ ისაუბრა.
„კარგი შესაძლებლობა მქონდა, რომ თვითონ დამესრულებინა ეპიზოდი გოლით, თუმცა, როდესაც გვერდით გავიხედე, დავინახე, უკეთეს პოზიციაში ჩემი თანაგუნდელი და გადავწყვიტე პასი გადამეწოდებინა. მერჩივნა, ეპიზოდი 100%-ით გოლით დასრულებულიყო. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ გუნდურ წარმატებაზე ვფიქრობ და პირადი ინტერესები ჩემთვის მეორეხარისხოვანია. სწორედ ამან მაფიქრებინა აღნიშნულ ეპიზოდში პასი გაკეთება.
სიმართლე რომ გითხრათ ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. მეგონა, რომ გამაკრიტიკებდნენ და იტყოდნენ რატომ არ გაიტანა გოლიო. თუმცა აღვნიშნე, რომ მე გუნდის წარმატებისთვის ვთამაშობ, გავდივარ მოედანზე და ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად“, – აღნიშნა ქართველმა თავდამსხმელმა.








