1896 წლიდან მოყოლებული, ყველა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში თავის კუთვნილ ადგილს იკავებს.
ბუნებრივია, ასე იქნება ტოკიო 2020-ის შემთხვევაშიც, თუმცა იაპონიის დედაქალაქში დაგეგმილ ოლიმპიადას სპორტულ სამყაროში განსაკუთრებულად ისედაც ყოველთვის გაიხსენებენ, რადგან ის 2021 წელს გაიმართება, ხოლო სახელწოდება ისევ ძველი ექნება.
მოკლედ, პანდემიის ფონზე, ტოკიოს თამაშებს სამწუხაროდ ისეთი ხიბლი ვეღარ ექნება, რაც ოლიმპიურ თამაშებს თან ახლავს, მაგრამ მოახლოებული ფორუმი სხვამხრივაც ისტორიული გამოდგება.
კერძოდ, ოლიმპიურ თამაშებში, პირველად მისი არსებობის მანძილზე ტრანსგენდერი სპორტსმენი იასპარეზებს. ეს ახალ ზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი გახლავთ. მან ლიცენზია უკვე გაინაღდა, თუმცა ქვეყნის ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.
პოპულარული ბრიტანული გამოცემის Guardian-ის ინფორმაციით, ჰაბარდს ტოკიოს ოლიმპიადაზე აუცილებლად ვიხილავთ, რასაც სავარაუდოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვება.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლორელ ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი ათლეტი იქნება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას და შესაძლოა მედალსაც გამოჰკრას ხელი. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი აიღო და სულაც არ იქნება გასაკვირი ტოკიოშიც თუ რომელიმე სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.








