მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ნაკრები სერბეთს 3:2 უგებდა, წყვილის ფავორიტად უდავოდ ბალკანელები ითვლებოდნენ. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ილიას ზუროსის გუნდი მრისხანე მეტოქეს სერიოზული დანაკლისით დაუხვდნენ. სხვებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია აკლდა.
სამაგიეროდ სერბებს თავისი ლიდერი არ მოუსაკლისებიათ. მიროსლავ რადულიცას წარდგენა კალათბურთის ქომაგებს ალბათ არ უნდა სჭირდებოდეთ. რადულიცამ საქართველოს ნაკრების დამარცხებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„გვახსოვდა ის მარცხი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შინ გვაწვნევინა. ამიტომაც თბილისში ორმაგი მოტივაციით ჩამოვედით. დღეს გუნდში არაერთი ახალგაზრდა დებიუტანტი გვყავდა და დაკისრებულ ამოცანას მათ თავი მშვენივრად გაართვეს.
პირველი ტაიმი თანაბარად წარიმართა. საქართველოს ნაკრები ღირსეულ წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დავალაგეთ. ჩვენ გამარჯვებაში მთავარი როლი იმან ითამაშა, რომ სამწვრთნელო შტაბის დავალებები ზედმიწევნით შევასრულეთ. მნიშვნელოვანი იყო პერიმეტრიდან ტყორცნები. ამ მხრივ განსაკუთრებით მეორე ნახევარში გამოვირჩეოდით. ამას გარდა დაცვაშიც კარგად ვიდექით. ეს გამარჯვება გვჭირდებოდა და მოხარული ვარ რომ ასეც მოხდა“ – აღნიშნა მიროსლავ რადულიცამ.








