საქათველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრება დაასრულა. ჯვაროსნებმა რუმინეთის ძლევის შემდეგ, ასევე სტუმრად ნიდერლანდების გუნდთან დიდი ანგარიშით – 0:3 წააგეს.
რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო ჩვენი გუნდის დამრიგებელი ვილი სანიოლი. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილოა, რადგან ისინი ბოლომდე არ დაიხარჯნენ.
„ამხანაგური მატჩები ყოველთვის ახალი ტაქტიკის გამოცდას და ამა თუ იმ ფეხბურთელზე დაკვირვებას ემსახურება. ასე იყო ამჯერადაც.
წარმოუდგენელია წინასწარ იცოდე თუ რა მოხდება ოფიციალურ მატჩებში. შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი დაშავებული გყავდეს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
ნიდერლანდები მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ეს გუნდი საკმაოდ ძლიერია და გამოცდილებისთვის მათთან დაპირისპირება აუცილებლად გამოგვადგება. ვფიქრობ, ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით, თუმცა ვერ შევძელით.
ორი ამხანაგური მატჩიდან ერთი მოვიგეთ, მეორეში დავმარცხდით. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.
ნიდერლანდებთან მატჩის დროს რამდენიმე ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯა. მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ“ – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.





