ლა ლიგაში “ვალენსიას” მაისურით გიორგი მამარდაშვილის სუპერდებიუტი შედგა.20 წლის ქართველმა მეკარემ ხეტაფესთან ფანტასტიკურად ითამაშა და გუნდს სეზონის პირველ გამარჯვებაში დაეხმარა (1:0).
ქართველმა კიპერმა ძალიან აუღელვებლად, მშვიდად და დამაჯერებლად ითამაშა.რაც მთავარია, კარი მშრალად შეინახა და გამარჯვებაში წვლილი 4 სეივით შეიტანა.
პოპულარული გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ მიმომხილველმა გიორგი მამარდაშვილზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„თუ გულშემატკივრებმა კარგად იციან ჩერიშევის შესაძლებლობები, 20 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში ნამდვილი აღმოჩენაა, ყოველ შემთხვევაში, ესპანეთისთვის. რუსეთში ახალგაზრდა და ასაკისთვის უჩვეულოდ დაღვინებული მეკარე მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივრებს შარშან თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპალიგის ცუდი თბილისური მოგონებიდან ემახსოვრებათ. მაშინ მას პენალტიდან მხოლოდ კომლიჩენკომ გაუტანა. ახლა „ვალენსიაში“ პირველი ოფიციალური მატჩი მამარდაშვილმა უგოლოდ ჩაატარა და რამდენიმე საოცარი ნახტომი გააკეთა. ყველაზე მაგარი იყო ფინალურ სასტვენამდე წუთით ადრე ეპიზოდი, როდესაც ასხლეტილი ბურთი ძელიდან მოხსნა“, – წერს გამოცემა.








