საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
“პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს ყველაფერი ჩვენი სასტუმროს გვერდით მოხდა და დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება მატჩს: ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შენარჩუნება იყო. მხოლოდ ბოლოს შევძელით გოლების გატანა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბოლომდე უნდა ითამაშო და დაიხარჯო. მომდევნო მატჩებშიც ვეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ.ზოგადად ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები და გუნდი ჰყავს, რაც სალონიკიშიც ვნახეთ და სხვა მატჩებშიც. მიმაჩნია, რომ საქართველო და საბერძნეთი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია და ამჯერადაც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, გამარჯვება მაინც გაგვიჭირდა. საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევ.ვიდეორეფერი ბოლოს დაგვეხმარა, მაგრამ მანამდე ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილებები. ის, რომ ბოლოს პენალტი მოვიპოვეთ, ბოლომდე თამაშის დამსახურებაა. ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცე, მათ კარგად ითამაშეს. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ გოლი უფრო ადრე გაგვეტანა, მაგრამ მთავარია, მიზანს მივაღწიეთ. ახლა მომდევნო მატჩებისთვის სრული კონცენტრაცია იქნება საჭირო, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ”, – განაცხადა ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში 6 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც ერთადერთი ქულა მოიპოვა და ბოლო, მე-5 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდს მორიგი მატჩი 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.








