2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სალონიკში საბერძნეთს ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელმა განვლილი მატჩი შეაფასა:
„საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო შესარჩევი ეტაპის სამი მატჩი გამართა. 25 მარტს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთთან მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდნენ. 28 მარტს „დინამო არენაზე“ ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი 1:2 დათმო, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრებთან სტუმრად 1:1 ითამაშეს.
ქართველი ფეხბურთელები მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.





