კალათბურთის ბევრი მოყვარული ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს ტიმ დანკანი სან ანტონიოსთვის. როდესაც კალათბურთის ყურება დავიწყე, ის პირველ ნაბიჯებს NBA-ში სწორედ მაშინ დგამდა. 1997-ში, ის დრაფტის I ნომერი იყო, პოპ-მა ზუსტად იცოდა, რომ სწორედ დანკანი შეძლებდა “ადმირალის” დახმარებას ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის შექმნაში.
რობინსონს ტიტული ეკუთვნოდა და მან ის მალე მიიღო კიდეც, სულ რაღაც ორ წელში “სპურსმა” თავისი პირველი ჩემპიონობა იზეიმა, ისინი ასოციაციის გამარჯვებულები გახდნენ.

დევიდ რობინსონმა „სთხოვა“ დანკანს ბეჭედი და ტიმმა მისცა ის (თანაც ორი 1999-2003 წ.), ლეგენდა კალათბურთიდან თავაწეული წავიდა. ბიჭი უეიკ ფორესტის უნივერსიტეტიდან, ორ წელში საჩემპიონო გუნდის ლიდერი გახდა.
ის სხვა თავისი ასაკის კალათბურთელებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ ახასიათებდა აფრო-ამერიკელი მოთამაშეებისთვის დამახასიათებელი ეგოიზმი, მით უმეტეს დრაფტის პირველ ნომრებს ჩვევიათ ეს, თავის ზედმეტად გამოჩენის მცდელობები. დანკანი აუჩქარებლად მიდიოდა თავისი მიზნისკენ, ის ყოველთვის აწვდიდა ბურთს თავისზე უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს.

ყველაზე კარგად 2003 წლის სუპერ სერია მახსოვს, სადაც “სპურსი” “ნეთსს” დაუპირისპირდა. ნიუ ჯერსიში ჯეისონ კიდი მეფობდა, ყავდათ კენიონ მარტინი და ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული რიჩარდ ჯეფერსონი.
მაშინ არ ვიყავი დიდი, თუმცა კარგად ვხვდებოდი, თუ რამდენად დიდი ძალა იყო ის გუნდისთვის. ტიმმა აიღო თავის თავზე გუნდის ლიდერის ტვირთი და ამ ფუნქციას კარიერის დასრულებამდე ინარჩუნებდა.
„პოპი“ რომელსაც ყოველთვის უყვარდა და უყვარს თითქოს და არაფრით გამორჩეული მოთამაშეების წარმოჩენა, კიდევ ერთხელ დაიწყო საჩემპიონო გუნდის შენება და მოიყვანა მომავალში “ლეგენდარული ტრიოს” ორი მოთამაშე, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი.
არგენტინელი დრაფტის 57-ე პიკი იყო, მან ევროპაში თამაშიც მოასწრო და საკმაოდ წარმატებულადაც, ბოლონიურ ვირტუსთან ერთად ევროლიგა მოიგო და ფინალის MVP გახდა. რაც შეეხება ტონი პარკერს, ის 28-ე იყო. ამ ტრიოს “თავი”, მაინც ყოველთვის ტიმი იყო და ეს ყველას კარგად ესმოდა.

ხშირად მიფიქრია, რა ჰქონდა მას ისეთი, რამაც ასე მიმიზიდა. დანკანს შეეძლო ისე ეთამაშა, როგორც გამთამაშებელს, მცველს, მსუბუქ თუ მძიმე ფორვარდს და ასევე ცენტრს. ის პარკეტზე და ალბათ მის მიღმაც გულწრფელი იყო, არასდროს კადრულობდა სიბინძურეს და ერჩევნა წაეგო, ვიდრე ეს გაეკეთებინა.
ბევრი მიიჩნევს რომ სტატისტიკა უმთავრესია და არ აფასებს მას, ამბობს რომ ის მოხვდა კარგ დროს, კარგ გუნდში, რომ სხვაგან ის ვერ იქნებოდა ისეთივე წარმატებული და შესაძლოა, კარიერა უტიტულოდაც კი დაესრულებინა.
ჩემი აზრით კი, დანკანმა შექმნა ეპოქა, ტიმი თვითონვე არის “სპურსი”. პოპოვიჩმა იპოვა იდეალური მოთამაშე, რომელიც სრულიად მოერგო მის საკალათბურთო ფილოსოფიას. რომ არა ტიმი, სან ანტონიო დარჩებოდა უბრალო გუნდად, “პოპმა” შემოიკრიბა ისეთი ბიჭები, რომლებიც თითქოს არაფრით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამ ბიჭებს ქონდათ მთავარი, ისინი ერთი გუნდი იყვნენ. ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს, ტიმმა კი მას ბეჭედი დაასვა.

მისთვის ფული არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. მან ბევრჯერ დაიკლო ხელფასი, რომ სან ანტონიო მუდამ ლიდერებში დარჩენილიყო. მან აჩვენა ხალხს, თუ როგორ შეიძლება გახდე გუნდის ლიდერი და ითამაშო გუნდურად.
ის არ ჰგავდა კობის, რომელიც უამრავს ესროდა და არ აკეთედა გადაცემებს, რომელიც კარიერის ბოლოსაც კი, უფრო ეგოცენტრული და ინდივიდუალისტური მოთამაშე იყო. დიახ, მე ყველა ასეთ მოთამაშეს მირჩევნია გუნდში ისეთი ლიდერი, რომელიც თამაშის საშუალებას აძლევს მთელ გუნდს და არა მხოლოდ საკუთარ თავს.
ტიმს არ უყვარდა ემოციების გამოხატვა, მაგრამ ალბათ, ის ყველაზე ემოციური კალათბურთელი იყო, ვინც მინახავ. მას უყვარს თამაში, უყვარს სან ანტონიო და ცხოვრების ბოლომდე დეზების ერთგული იქნება.

ტიმიმ ეპოქა შექმნა, მან მოახერხა და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია, დანკანი კალათბურთის რომანტიკოსია, ის არის კაცი, რომელიც იშვიათად იღიმის…








