ბათუმის „დინამოს“ 19 წლის მარცხენა მცველით, ირაკლი აზაროვით ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ დაინტერესდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ და დიდი შანსია, რომ აზაროვი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატონ.
„ოლიმპიაკოსის“ გარდა ირაკლის ტრანსფერით თურქული „ტრაბზონსპორი“ და შვეიცარიული „ბაზელიც“ არიან დაინტერესებული. თურქები ფეხბურთელის ყიდვას სექტემბერშიც ცდილობდნენ, თუმცა ბათუმურმა კლუბმა აზაროვის ტრანსფერი დაბლოკა. „დინამოს“ ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროსარბიელს გუნდი მაქსიმალურად დიდი ძალებით უნდა შეხვდეს, რის გამოც 19 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, ირაკლი აზაროვმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.








