თბილისის “ლოკომოტივის” 24 წლის მაროკოელი ფეხბურთელი, ულად-ომარ იმრანი “როტორს” თურქეთში შეკრებაზე გაჰყვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისურმა კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შეძლო და დიდი ალბათობით იმრანიც წავა.
მაროკოელი ფეხბურთელი “როტორში” მამუკა ჯუღელის დახმარებით მოხვდა, რომელმაც გასულ სეზონში ბათუმის “დინამოდან” რუსულ კლუბში ფლამარიონ ჯოვინო წაიყვანა.
“როტორში” იმრანს შეგუება არ გაუჭირდება, რადგან იქ სამი ქართველი – ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე და ნიკოლაი ყიფიანი თამაშობენ.
იმრანმა თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.








