უკრაინულ “კოლოსში” მოთამაშე ქართველმა თავდამსხმელმა, ნიკა სიჭინავამ გადაცემა, “სპორტი იმედზე” უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ვინც გარეთ გამოვიდა, თავის თავს აყენებს საფრთხის წინაშე. გზები დანაღმულია, ხიდები დაბომბილი… დახმარებაც ვერ მიდის. მადლობა მეზობლებს, საკვები მიაწოდეს ჩემ ოჯახს, ყურადღების გარეშე არ დატოვეს. მუშაობენ მოხალისეები, რომლებთაც მანქანები ჰყავთ და გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ, თუმცა ყველა ვერ ბედავს იქ წასვლას.
ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი მიწასთან გასწორებულია. ერთი ცხრა სართულიანი კორპუსი არ დარჩა, სადაც ბომბი არ დავარდა. კიევის გარეუბანში მწვანე კორიდორი იყო გახსნილი და ხალხს დაუწყეს სროლა.
ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის. ჯერჯერობით, გადავწყვიტეთ აქ დარჩენა. ყველა ნათესავი საქართველოში არიან. ველოდებით პატარა შანსს, რომ მოვკიდოთ ხელი და წავიდეთ. ბოლო ორი ღამეა, შედარებით წყნარად გვძინავს.
ჩვენც წავიდოდით, მაგრამ არ ხერხდება არანაირად. ვისაუბრეთ ბიჭებმა და შევთანხმდით, თუ მოვახერხეთ და გავიყვანეთ სამშვიდობოს ოჯახები, ჩვენ ვბრუნდებით უკან და ვიდგებით დაცვაში. ჩემი ორი გუნდელი კიევშია, ავტომატით დგას სადაჯაროზე. ვინც მოახერხა ქალაქიდან გასვლა, ცოცხლები არიან. ცხოველები არიან… ჩემ სახლი, სადაც დაიწვა, ორი 500 კილოიანი რაკეტა არის, ის რომ აფეთქებულიყო ნახევარი მოსახლეობა აღარ იქნებოდა. ის ჭურვები, რომ აფეთქებულიყო, არ ვიცი რა იქნებოდა. ქართველ ხალხსაც მადლობა, უკრაინა ხედავს ამ მხარდაჭერას.
2008 წელს ვიყავი ფოთში, როცა ბომბი პორტში ჩამოაგდეს. 800 მეტრი იყო ჩემი სახლიდან, მამაჩემიც იქ მუშაობდა, დაჭრილები გამოყავდა. მე ის სიტუაცია გადავიტანე თავიდან. საქართველოში 2-3 ქალაქი დაიბომბა, მათ შორის გორი ყველაზე მეტად. აქ კი მთლიანად უკრაინას ბომბავენ და დასახლებულ პუნქტებს. აქ ხდება საშინელება, იყვნენ დაზარებულებები და მსხვერპლი, მაგრამ ეს ქართველებს არ გადაუტანია, კიდევ მალე დავამთავრეთ ომი. აქ, რომ ხდება, არცერთი ომი არ ყოფილა ასე”, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. ერთ კვირაზე მეტია უკრაინის ქალაქები რუსი აგრესორების მიერ აქტიურად იბომბება, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.








