გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვა თურქულ “ტრაბზონსპორს” სურდა, თუმცა, ბელგიური გენტისგან უარი მიიღო. ამ ინფორმაციას Ajansspor ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად ტრაბზონელთა ტექნიკური დირექტორი აბდულა ავჩი იყო დაინტერესებული თუმცა, გენტმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 2.7 მილიონი ევროა, თურქული კლუბი კი მზად იყო, ქართველი შემტევის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, ბელგიელთა დაინტერესება ვერ მოახერხა.
გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ბოლო ორი სეზონი კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პრაქტიკულად გაუცდა. გიორგიმ მუხლზე ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა სრულფასოვნად დაბრუნება ვერც ამის შემდეგ შეძლო და 2020/21 წლების სეზონში, ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში შარშანდელი 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მონაწილეობას მხოლოდ ტესტ-მატჩებში იღებს.





