რამდენიმე დღეც და ქართველ გულშემატკივარს ცხელი ბატალიები და მასთან ერთად ვნებათაღელვაც ელის. საქართველოს ნაკრები, ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. პირველი მატჩი 25 მარტს სტოქჰოლმშია, შემდეგ კი უკვე თბილისში მრისხანე ესპანეთის ნაკრები ჩამოდის.
ის, რომ ესპანეთთან დაპირისპირებას გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი დაესწრება არახალი ამბავია, თუმცა გარკვეული რეგულაციებით.
გადაცემა „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„ის ფაქტორი რომელიც უმნიშვნელოვანეს დროს დაგვაკლდა და ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სამწუხაროდ არ გვქონდა. მიხვდებოდით 12 ნოემბრის მატჩს ვგულისხმობ. სასიხარულოა, რომ 28 მარტს ესპანეთთან სტადიონზე ქომაგები იქნებიან.
უეფას პროტოკოლის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ. სხვანაირად არ გამოვა. სტადიონზე შესვლა 16 ათასამდე გულშემატკივარს შეეძლება, ბილეთების გაყიდვას კი 24 მარტიდან დავიწყებთ, მაგრამ არა სალაროებში, მხოლოდ ონლაინ.
ჯერ კიდევ ბევრი დეტალი ისევ გასავლელია. ქვეყანაში კომენდანტის საათია და იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ შემდეგ ის ხალხი სახლებამდე მშვიდობიანად მივიდნენ. ამიტომაც გადაწყდა რომ ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდოს, რადგან პირადი მონაცემების შეყვანა მოხდეს და ის ადამიანები ბაზაში იყვნენ.
ერთ ადამიანს შეეძლება მეგობარს ან ოჯახის სხვა წევრსაც უყიდოს ბილეთი, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით და არა ვთქვათ 5 ან 10 ცალი. სტადიონის ყველა შესასვლელს მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე გავაღებთ“ – აღნიშნა დავით მუჯირმა.








