საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “სპორტი იმედზე” სპორტისთვის სათამაშო ბიზნესისთვის დაანონსებული შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა.
“პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით ფეხბურთის სფეროში რეგულაციები აქამდეც გვქონდა და უმნიშვნელოვანესია, ეს რეგულაციები სპორტში არსებულ მოთხოვნებს მივუსადაგოთ. სამეზობლოს ან ევროპულ ლიგებს თუ გადავხედავთ, ჩვენი ფედერაცია ერთადერთი ნამდვილად არაა, რომელიც სპორტში გემბლინგის არსებობით განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ინგლისის პრემიერლიგა ბეთ-კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით პირველ ადგილზეა და მათი ამ სპორტში ჩართულობით ფეხბურთი ძლიერდება.
მოსალოდნელი რეგულაციების შედეგად, შესაძლებელია, რომ გემბლინგის კომპანიების სპორტში ჩადებული ინვესტიციები შემცირდეს, ან სულაც გაუქმდეს. ეს სრულად გასაგებია, რადგან კომპანიებს გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე, შეიძლება, მარკეტინგული ბიუჯეტი შეუმცირდეთ ან ნულამდე დაუვიდეთ. სულ ამას ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილია, ისეთი რეკომენდაციები და რეგულაციები შემუშავდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს სპორტში დარჩენის სურვილი და ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მას შემდეგ, რაც რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, განხილვებში ჩართულები აქტიურად ვიყავით. ჩვენ საკუთარი მოსაზრებები წარმოვადგინეთ, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სპორტისთვის ამ რეგულაციების დაწესებამ. პარტნიორების მოზიდვამ დააყენა ის შედეგი, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს ვამცირებდით სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაფინანსებას და 2021 წელს გავხდით ის ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსაგან არაფერს იღებს, 7 მილიონი 0-მდე დავიყვანეთ და პირიქით, ბიუჯეტში ფულს ვიხდით და ძალიან არ მინდა, რომ წარსულში დავბრუნდეთ.
თუ რაღაცები შეიცვალა?! არ მინდა, ცუდზე ვიფიქრო, პარტნიორობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. აქამდე პარტნიორობის გაზრდასა და განვითარებაზე ვზრუნავდით, ქალთა ლიგის სახელის გაყიდვაზე გვქონდა მოლაპარაკებები, ფუტსალის ლიგის პროგრესზე მიდიოდა მუშაობა. ახლახან, უკრაინის ნაკრების მთავარი სპონსორი გემბლინგ-კომპანია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები და წინაღობები იქაც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენც გვინდა, რომ რეგულაციებმა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები მოაგვაროს, თუმცა გვსურს, რომ რეგულაციებმა სპორტის სფეროში პარტნიორები არც ნაწილობრივ და არც სრულად არ დაგვაკარგვინოს”, – განაცხადა მუჯირმა.





