ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა სპორტის საათში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების 24 მარტიდან ონლაინ-რეჟიმში გაიყიდება.
„ხვალ გამოვაქვეყნებთ ყველა იმ რეგულაციას, როგორც მოხდება ბილეთების შეძენა. ასევე, იმ რეგულაციებს, რომლებიც მატჩის წინ და დასრულების შემდეგ უნდა დავიცვათ. 24 რიცხვიდან გულშემატკივრებს უკვე შეეძლებათ ბილეთების ყიდვა ონლაინ-რეჟიმში ისევ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით. ბილეთების ფასი იქნება სტანდარტული – 5, 10, 15 და 25 ლარი, თუმცა, 100%-ის ნაცვლად გაიყიდება 30% და 16 ათასამდე გულშემატკივარი იქნება, რომელიც შეხვედრას დაესწრება. ბილეთების ყიდვა დასწრებაზე იქნება. სამწუხაროდ, სხვა მექანიზმი არ არსებობს. სალაროებში არ გაიყიდება, ვინაიდან, ყველა ის ღონისძიება, რომელიც შესაძლოა მაპროვოცირებელი იყოს საზოგადოების შეკრების, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“, – აღნიშნა დავით მუჯირმა.
სფფ-ის გენ. მდივანმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სტადიონზე ადრე მოვიდნენ, რადგან პროტოკოლით გათვალისწინებული შემოწმება გარკვეულ დროს წაიღებს. მისივე თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ქომაგებს სპეციალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურებათ.
„გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, რომ სტადიონზე მოვიდნენ დროულად. შეშვებისას უნდა ჩატარდეს თერმო-სკრინინგი, პირბადეების კონტროლი, რის გამოც სტადიონზე შეღწევადობა იქნება დროში გაწელილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარმა ეს გაითვალისწინოს. 17:00 საათიდან გავაღებთ ყველა ჭიშკარს და ყველას მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით.
რაც შეეხება მატჩის შემდეგ, ვინაიდან ბილეთების ყიდვა ონლაინ რეჟიმში ხდება, ყველა გულშემატკივარმა უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც ავტომატურად აისახება ბაზაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა მატჩის შემდეგ სახლებს დაუბრუნდნენ. იქნება ინდივიდუალური ტრანსპორტი, რომლებზეც ბუნებრივია საშვი იქნება დაშვებული. ასევე, თბილისის მერიასთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვთხოვეთ, რომ ამ დღეს რაღაც პერიოდამდე იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დიდი ალბათობით, თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები სახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც დაუბრუნდებიან“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი 28 მარტს გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე, ჩვენი გუნდი 25 მარტს სტუმრად შვედეთის ნაკრებს შეხვდება.








