ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:
„მამარდაშვილის ჩვენთან მოსვლის ისტორია ყველამ იცის. მან მოლოდინს გადააჭარბა და ამიტომაც ვათამაშებდით. მაგრამ, ალბათ, ბოლო შეხვედრებში დიდი გავლენა მოახდინა იმ დიდმა დატვირთვებმა და პასუხისმგებლობამ, რაც ლა ლიგაშია“, – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.
ის ახალგაზრდა მეკარეა და დიდი მომავალი აქვს. ბოლო ორი მარცხის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დადგა დრო, კარში სილესენი ჩამდგარიყო. მან კარგად ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის, ბოლო წუთებზე“, – ამბობს ბორდალასი.
შაბათს, „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ღამურების“ კარში არა გიორგი მამარდაშვილი, არამედ იასპერ სილესენი იდგა.
ცნობისთვის ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის საწყის 6 ტურში ითამაშა და 7 გოლი გაუშვა. მამარდაშვილი ისეთი გუნდების წინააღმდეგ მოგვევლინა სასტარტო შემადგენლობაში, როგორებიცაა მადრიდის „რეალი“ და „სევილია“.








