წელიწადია როჯერ ფედერერი კორტზე აღარ გამოჩენილა. ბოლოს დიადმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა შარშან იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა და დაბრუნებასაც სწორედ მელბურნში გეგმავდა, თუმცა ამას წინათ გაირკვა, რომ ფედერერი მწვანე კონტინენტზე აღარ გაემგზავრებოდა.
ბუნებრივია, ამ ამბავმა არა მხოლოდ მის გულშემატკივრებს, ზოგადად სამეფო სპორტის მოყვარულთ დასწყვიტა გული. ფედერერის აგენტმა როჯერის უარის მთავარ მიზეზად ფიზიკური კონდიციები დაასახელა და აღნიშნა, რომ შვეიცარიელი ბოლომდე ჯანზე ვერ არის, თუმცა ირკვევა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.
ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული. მხიარულ როჯერს საკარანტინე პირობები ეხამუშა და არც ოჯახთან ხანგრძლივი დროის მანძილზე მოწყვეტამ მოხიბლა. გეცოდინებათ, ავსტრალიის მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციებით, მელბურნში ჩასულ ჩოგბურთელებს ჯერ 14 დღის მანძილზე კარანტინში მოუწევთ ყოფნა და ვერც შემდეგ შეძლებენ ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან ურთიერთბას.
„ფედერერის უარის უმთავრესი მიზეზი მკაცრი კარანტინია. ერთ თვის წინ როჯერს ვერაუბრე. მას ორი ვარიანტი ჰქონდა. პირველი – ის მელბურნში ოჯახთან ერთად ჩამოვიდოდა და იზოლაზიაში იქნებოდნენ, მაგრამ მირკა და მისი შვილები 14 დღე სასტუმროს ნომერს ვერ დატოვებდნენ. ეს იდეა როჯერს არ მოეწონა.
მეორე ვარიანტი მისი ავსტრალიაში მარტო ჩამოსვლა იყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის მინიმუმ 5 კვირის მანძილზე ოჯახს მოწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ მან მიპასუხა – „კარგად გამიგე, უკვე 39 წლის ვარ, 4 შვილი მყავს, 20 მეიჯორი მოვიგე. ამიტომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მარტო მოგზაურობა მხიბლავდა“ – ამბობს ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის კომუნიკაციების უფროსი ანდრეა სა.
ასე რომ, ყველაფერში დამნაშავე ისევ პანდემიაა.








