ლეგენდარული როჯერ ფედერერის მილიონობით ქომაგი შესაძლოა გულდაწყვეტილნი დარჩნენ. საქმე იმაშია, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელი როლან გაროსიდან მოხსნას ფიქრობს.
39 წლის ფედერერმა საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში გერმანელ დომინიკ კიოპფერთან 4 საათიანი თრილერი გადაიტანა და საბოლოოდ ოთხ სეტში მოიგო, სადაც მას რამდენიმე ტაიბრეიქის თამაში მოუხდა.
ძველი როჯერისთვის კორტზე ხანგრძლივი ყოფნა აბა რა დიდი პრობლემა იქნებოდა და მსგავსი არაერთი მატჩიც გვახსოვს, მაგრამ ახლა ხომ სხვა ვითარებაა. რკინის როჯერი უკვე ასაკშია და მისი ფიზიკური კონდიციები ახალგაზრდული პერიოდისგან რადიკალურად განსხვავდება. თანაც ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და მსგავს დატვირთვებს დიდად ვეღარ უძლებს.
როჯერ ფედერერი დილემის წინაშეა – დარჩეს როლან გაროსზე, სადაც მეოთხე ეტაპზე მისი მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება თუ მეიჯორიდან მოეხსნას, რათა უიმბლდონს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში შეხვდეს. ამის შესახებ მან კიოპფერთან მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გადაწყვეტილება უნდა მივიღო. დავრჩე პარიზში და გავარგძელო როლან გაროსზე თამაში თუ გავრისკო. ვშიშობ, დატვირთვებმა ცუდი შედეგი არ გამოიღოს, რაც შემდეგ უიმბლდონზე გამოსვლას საფრთხეს შეუქმნის.
შესაძლოა ეს იდეალური მომენტია ამოსუნთქვისთვის. როლან გაროსს და ჰალეს ტურნირს შორის ერთკვირიანი პაუზა არ მექნება. ამიტომაც დაფიქრება მმართებს რა იქნება უკეთესი უიმბლდონისთვის.
ამ ეტაპზე, კორტზე ჩემი 3 საათი და მეტი ყოფნა არანორმალურად მეჩვენება. ვისაც მუხლზე ისეთივე ოპერაცია გადაუტანია, როგორიც მე მაშინ ეს ხალხი ადვილად გამიგებს“ – აღნიშნავს როჯერ ფედერერი.
შეგახსენებთ, უიმბლდონი სტარტს 28 ივნისს იღებს, რომელიც როჯერ ფედერერს თავის დიდებულ კარიერაში 10-ჯერ აქვს მოგებული.








