ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსი ვეღარ გაიმეორა. ქართული სპორტის და განსაკუთრებით ჩოგბურთის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეთ, რომ გორგოძემ პარიზში დამაჯერებლად იასპარეზა და პირველად კარიერაში დიდი სლემის ძირითად ბადეში გააღწია.
სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე იგივეს გაკეთება ვეღარ შეძლო. ჩვენებურმა მეჩოგნემ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე კი გადალახა, თუმცა ეს იყო და ეს. როდესაც თავს ზემოთ ძალა აღარ არის, იქ მარცხიც გარდაუვალია.
მეორე ეტაპზე გორგოძის მეტოქე კრისტი ანი გახლდათ. ამერიკელი ჩოგბურთელი რეიტინგში ქართველზე მაღლა დგას და მსოფლიოს 118 ნომერია. შესაბამისად, წყვილის ფავორიტადაც ის მიიჩნეოდა.
ეკატერინე გორგოძემ პირველი სეტი 2:6 დათმო. გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე პარტია, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი უკუბრეიქის შესრულება შეძლო და მეორესთანაც ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 3:6.
ამრიგად, ეკატერინე გორგოძე უიმბლდონს დაემშვიდობა.








