2021 წელი საქართველოსთვის სპორტული თვალსაზრისით ისტორიული იყო. ქართველმა ათლეტებმა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 582 სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს, მათ შორის 198 ოქრო, 181 ვერცხლი და 203 ბრინჯაო. აღნიშნული შედეგები აერთიანებს როგორც დიდებს, ისე ახალგაზრდებს და ჭაბუკებს. თუ ჩავთვლით იმას, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირების თითქმის ნახევარი გაუქმდა, ჩატარებული შეჯიბრებების ფონზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა ნამდვილად წარმატებულად უნდა შეფასდეს.
2021 წლის მთავარი მოვლენა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იყო, რომელიც პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო და ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდა. ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ 8 მედლიდან 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი იყო.
„პრაიმ სპორტი“ თქვენთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან სპორტულ ამბებს გაიხსენებს.
ძიუდო
დავიწყოთ ძიუდოთი, რომელიც საქართველოში ნომერ პირველ სპორტის სახეობად მიიჩნევა. 2021 წელი ქართველი ძიუდოისტებისთვის ნამდვილად ისტორიული იყო. ჩვენმა ფალავნებმა ყველა საერთაშორისო ტურნირზე საერთო ჯამში 91 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 25 ოქრო, 27 ვერცხლი და 39 ბრინჯაო. ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიადა იყო, სადაც ქართულ დელეგაციას ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი სწორედ ძიუდოისტებმა მოუტანეს. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ტოკიო 2020-ზე 4 მედალი აიღო. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, რომელმაც წარმატებას ფაქტობრივად ცალი ხელით მიაღწია. 20 წლის ფალავანი ტოკიოში ტრავმის ჩავიდა და ყველასათვის მოულოდნელად, საქართველოში ოქროს მედლით დაბრუნდა. ლაშას შემდეგ უკვე ქართველი ფალავნების ანგარიშზე სამი ვერცხლის მედალი მოდის, რომლებიც ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აიღო – 2012 წელს ოქრო, 2016 წელს ბრინჯაო და ახლა უკვე ვერცხლი. ოლიმპიადის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ტურნირი უკვე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები იყო. კონტინენტის პირველობაზე, რომელიც აპრილში პორტუგალიაში ჩატარდა, ჩვენმა ფალავნებმა მედლის აღება ყველა წონით კატეგორიაში შეძლეს. 90 წონით კატეგორიაში შედგა ქართული ფინალიც! ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილის წინააღმდეგ, სადაც ოლიმპიადის საგზურის ბედიც წყდებოდა და საბოლოოდ შეხვდა ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ლაშა ევროპის ჩემპიონი, ბექა კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამის გარდა ვიცე-ჩემპიონობა ვაჟა მარგველაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმაც იზეიმეს, გურამ თუშიშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. საგულისხმოა, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. ზუსტად 2 თვეში მსოფლიოს ჩემპიონატის დროც დადგა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ტურნირზე 4 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილს ერგო, ილია სულამანიძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედლები გაინაწილეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულეს.
ძალოსნობა
ძიუდოს შემდეგ ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობად ალბათ ძალოსნობა უნდა შეფასდეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ძალოსნებმა ყველა ტურნირზე ღირსეულად იასპარეზეს საერთო ჯამში 65 მედალი აიღეს – 29 ოქრო, 23 ვერცხლი და 13 ბრინჯაო. ყველაზე წარმატებულად რა თქმა უნდა ლაშა ტალახაძის გამოსვლა უნდა შევაფასოთ, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში თავი არაერთი მსოფლიო რეკორდით დაგვამახსოვრა. ქართველი ძალოსნებისთვის 2021 წლის პირველი პრესტიჟული ტურნირი მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა გუნდმა ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 14 მედლის მოპოვება შეძლო. რუსეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი ლაშა ტალახაძემ და წარმოშობით უკრაინელმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ ააჟღერეს, რომლებმაც 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს, ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი რეზი დავითაძე და შოთა მიშველიძე გახდნენ. შემდეგ იყო წლის მთავარი მოვლენა, ტოკიოს ოლიმპიადა, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო თავის წონაში პირველობა ლაშა ტალახაძემ არავის დაუთმო. საჩხერელმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 488 კგ ასწია, ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა და ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ლაშას გარდა, საპრიზო ადგილზე გასვლა ანტონ პლესნოიმაც შეძლო, რომელმაც ტრავმის თანხლებით იასპარეზა, თუმცა ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. წლის ბოლო ღონისძიება კი უზბეკეთში ჩატარდა. ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. სამივე ოქროს მედალი ტურნირის ბოლო დღეს ლაშა ტალახაძემ აიღო. ამასთან, დაამყარა 3 ახალი მსოფლიო რეკორდი, როგორც ატაცში (225 კგ), ისე აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ) და კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეხუთედ იზეიმა. ლაშას გარდა, მსოფლიო პირველობაზე ორჭიდის ჯამში საპრიზო ადგილზე გასვლა შოთა მიშველიძემაც შეძლო, რომელმაც ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, რეზი დავითაძემ კი ვერცხლის მედლის აღება მხოლოდ აკვრის ჩათვლაში მოახერხა.
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
საგულისხმოა, რომ 582 მედლიდან ყველაზე მეტი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისგან მოდის. 2021 წელს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 97 მედალი აიღეს, 99 კი ბერძნულ-რომაულების ანგარიშზეა. გამოდის, რომ საერთო ჯამში ქართველმა ფალავნებმა ქართულ დელეგაციას 196 მედალი შემატეს. ბუნებრივია, აღნიშნული შედეგი აერთიანებს როგორც უფროსებს, ისე ახალგაზრდებს და ჭაბუკებს.
დავიწყოთ თავისუფლებით: უფროსებში ქართველმა მოჭიდავეებმა ყველა ტურნირზე 44 მედალი აიღეს – 12 ოქრო, 10 ვერცხლი და 22 ბრინჯაო, ყველაზე მნიშვნელოვანი კი რა თქმა უნდა მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატები და ტოკიოს ოლიმპიადა იყო. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტურნირებზე ქართველმა ფალავნებმა უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლეს, რაც ბუნებრივია გასაკვირია, რადგან ბოლო წლებში გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი ყოველთვის მაღალ შედეგს აფიქსირებდა და სამშობლოში არაერთი ოქროს მედლით ბრუნდებოდა, 2021 წელი კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლის აპრილში პოლონეთში ჩატარდა გიორგი იანტბელიძის გუნდმა 5 მედლის მოპოვება შეძლო – 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ევროპის ვიცე-ჩემპიონი სანდრო ამინაშვილი გახდა, ბექა ლომთაძემ, გენო პეტრიაშვილმა, ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ კი ბრინჯაოს მედლები აიღეს. შემდეგ იყო ტოკიოს ოლიმპიადა, სადაც საპრიზო ადგილზე გასვლა მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა შეძლო. ქართველ ფალავანს ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა 28 წლის მოჭიდავემ ამერიკელ გეიბლ სტივსონთან ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა ბოლო წამზე წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბოლო ტურნირი კი ნორვეგიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, საიდანაც ქართული დელეგაცია სამშობლოში მხოლოდ 3 მედლით დაბრუნდა – 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს. ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა აიღო, ბრინჯაოს მედალს კი ავთანდილ კენჭაძე და ზურაბ იაკობაშვილი დაეუფლნენ.
თავისუფლებისგან განსხვავებით, შედარებით წარმატებულად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. აპრილში, პოლონეთში გამართული კონტინენტის პირველობის გამარჯვებული შმაგი ბოლქვაძე გახდა, იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა, აივენგო რიკაძემ და ლერი აბულაძემ კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდისთვის მომდევნო და ალბათ ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ტოკიოს ოლიმპიადა იყო, სადაც მედლის მოპოვება მხოლოდ იაკობ ქაჯაიამ შეძლო. ახალგაზრდა მოჭიდავე ფინალში ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეს, კუბელ ბაპტისტას შეერკინა, თუმცა უშანსოდ დამარცხდა და ვერცხლის მედალოსანი გახდა. ოქტომბერში, ნორვეგიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჩვენმა გუნდმა გამოსვლა 5 მედლით დაასრულა – 1 ვერცხლით და 4 ბრინჯაოთი. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ, რამაზ ზოიძემ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ აიღეს.
ფეხბურთი
ახალი ციკლი, ახალი იმედი, მაგრამ მეოთხე ადგილი. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყო. სახელოვანი ფრანგი ფეხბურთელი და ნაკლებად გამოცდილი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჩვენს გუნდს სათავეში 2020 წლის 15 თებერვალს ჩაუდგა. ვილის ფეხბურთელების გასაცნობად ძალიან მცირე დრო ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, შესარჩევი ციკლი მეტ-ნაკლებად წარმატებულად დაიწყო. ბუნებრივია, წარმატებაში შედეგები არ იგულისხმება, რადგან პირველი სამი თამაშიდან ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო, თუმცა სათამაშო სტილში პოზიტიური ნიუანსები ნამდვილად შეინიშნებოდა. ვილი სანიოლის დებიუტი შვედეთის ნაკრებთან შედგა, რომელიც ჩვენი გუნდის მინიმალური ანგარიშით მარცხით დასრულდა – 0:1, ზუსტად სამ დღეში კი ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ესპანელებთან 1:2 დამარცხდნენ. 31 მარტს საქართველოს ნაკრები უკვე საბერძნეთში ჩავიდა და ამჯერად ფრედ, 1:1 ითამაშა. ყველა ცალსახად აღნიშნავდა, რომ ჩვენს გუნდს სამივე შეხვედრიდან უფრო მეტი შეეძლო, რადგან თუნდაც იგივე შვედეთთან გასვლით შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთი ხელსაყრელი მომენტი შექმნეს, საბოლოოდ კი მატჩის ბედი მხოლოდ ერთმა გოლმა გადაწყვიტა, ესპანეთთან კი ბოლო წუთებში, დანი ოლმოს მიერ გატანილი წარმოუდგენელი გოლის შემდეგ დავმარცხდით. საბერძნეთთანაც, რომ არა მცირე უიღბლობა, დიდი შანსი იყო, რომ ის შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდს გამარჯვებით დაესრულებინა. ამის შემდეგ იყო ივნისის ამხანაგური შეხვედრები, ჯერ სტუმრად, რუმინეთის ნაკრებთან, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 1:2 მოიგეს და საგულისხმო ისაა, რომ რუმინელები ისტორიის განმავლობაში პირველად დავამარცხეთ, რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში ჩავიდა და ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა. მართალია, იმ შეხვედრაში ჩვენი გუნდი 3:0 დამარცხდა, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის შექმნა მაინც შეძლეს და ოპტიმიზმის საფუძველიც ნამდვილად მოგვეცა. ამის შემდეგ იყო კატასტროფული სექტემბერი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო. ჯერ „ბათუმი არენაზე“ კოსოვოსთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დავმარცხდით. შემდეგ ესპანეთთან სტუმრად საკუთარ კარში 4 უპასუხო ბურთი მივიღეთ, ბოლოს კი ბულგარეთთან ამხანაგური შეხვედრა 4:1 დავთმეთ. ოქტომბერში ვილი სანიოლის გუნდმა კიდევ ორი შეხვედრა გამართა. 9 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთთან 0:2 დამარცხდნენ, ზუსტად 3 დღეში კი ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებების სერია სტუმრად, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ დაასრულეს (1:2). მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი „ჯვაროსნებმა“ 11 ნოემბერს, ბათუმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით, 2:0 გაიმარჯვეს. 15 ნოემბერს კი, წლის ბოლო მატჩში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უზბეკეთის ნაკრები ამხანაგურ დაპირისპირებაში 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საკუთარ ქვეჯგუფში 7 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა, რომელიც 2021 წელს ქართულ ფეხბურთში მოხდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ინგლისთან გამარჯვებაა. პრემიერ ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ რამაზ სვანაძის ფეხბურთელებმა საოცარი მატჩი აჩვენეს და დამსახურებულად – 3:2 გაიმარჯვეს.
ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს ფუტსალის ნაკრების წარმატება, რომელსაც ავთანდილ ასათიანის გუნდმა 9 აპრილს მიაღწია. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც უდიდესი წარმატებაა. სპორტის ეს სახეობა საქართველოში დიდი ისტორიით და ტრადიციებით არ სარგებლობს, შეიძლება ითქვას, რომ ფეხს ახლა იკიდებს და აღორძინების პროცესში, ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. კონტინენტის პირველობა 2022 წელს ნიდერლანდებში გაიმართება.
კალათბურთი
2021 წელს ევრობასკეტი უნდა გამართულიყო, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო FIBA-მ ტურნირი ერთი წლით გადადო, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს 2022 წლის სექტემბერში უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსით აქვს განაღდებული, თუმცა ამის მიუხედავად ილიას ზუროსის გუნდმა შესარჩევ ციკლში მონაწილეობა მაინც მიიღო. ქართველმა კალათბურთელებმა თებერვალში ორი მატჩი გამართეს, ორივე თბილისის სპორტის სასახლეში და ორივეში დამარცხდნენ – ჯერ 19 თებერვალს, სერბეთთან – 66:92 და შემდეგ 21 თებერვალს ფინეთთან – 70:78. საგულისხმოა, რომ ორივე თამაში ილიას ზუროსის გუნდმა ლიდერების გარეშე ჩაატარა და რაც, შესაბამისად შედეგებზეც აისახა. ნოემბერში ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და პირველი მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართა, სადაც შენგელიას ლიდერობით 88:83 გაიმარჯვა. ზუსტად სამ დღეში ქართველი კალათბურთელები სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ამჯერად 89:61 დამარცხდნენ.
რაგბი
„ბორჯღალოსნებმა“ წელი 7 თებერვალს, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვებით გახსნეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვდედრაში ქართველმა მორაგბეებმა რუსი „დათვები“ 16:7 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2020 წლის სეზონის ჩემპიონობაც იზეიმეს. ზუსტად ერთ თვეში, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი გათამაშების ახალ სეზონში ჩაერთო ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა. განსაკუთრებულ ინტერესს კი რა თქმა უნდა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში იწვევს. „ბორჯღალოსნები“ „დათვებს“ ამჯერად სტუმრად დაუპირისპირდნენ და 19-წლიანი ტრადიცია ამჯერადაც არ დაარღვიეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 2002 წლიდან ზედიზედ 19 შეხვედრაში დაამარცხა და ეს ტრადიცია დღემდეც გრძელდება. საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონში 5-დან ხუთივე შეხვედრა მოიგეს და ტურნირის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ იზეიმეს. ივლისში ჩვენმა გუნდმა ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დაგეგმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. ორ ივლისს ქართველი მორაგბეები მეტოქესთან 40:9 დამარცხდნენ, ზუსტად ერთ კვირაში კი „სპრინგბოქსთან“ მეორე ტესტ-მატჩიც უნდა გაგვემართა, თუმცა ჩვენს გუნდში კორონავირუსმა იფეთქა და საბოლოოდ შეხვედრა ჩაიშალა. საგულისხმოა, რომ ინფიცირებულთა შორის იყო „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილიც, რომელიც სიკვდილს რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა და საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ნოემბერში ორი ტესტ-მატჩი დაგეგმა. ქართველი მორაგბეები 14 ნოემბერს ჯერ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, სადაც 41:15 დამარცხდნენ, ერთ კვირაში კი ძალები ფიჯის ნაკრებთან მოსინჯეს. აღნიშნული შერკინება ფრედ, 15:15 დასრულდა და ამით „ბორჯღალოსნებმა“ 2021 წელს გამოსვლაც დაასრულეს.
ჩოგბურთი
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 პოზიციიდან დაიწყო. ნიკას პირველი ტურნირი ანტალიის 250-ქულიანი პირველობა იყო. 29 წლის ჩოგბურთელმა საწყისი ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა გათამაშებას მესამე წრეში გამოეთიშა. თებერვალში ბასილაშვილმა თავი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში დაგეგმილ Great Ocean Road Open-ზე დააყენა, თუმცა ტურნირს პირველივე მატჩში გამოეთიშა. რამდენიმე დღეში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზეც წარსდგა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გათამაშებას პირველივე წრეში დაემშვიდობა. ნიკას მომდევნო ტურნირი დოჰას პირველობა იყო, რომელიც მარტში ჩატარდა. აღნიშნულ გათამაშებაზე ნიკამ კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. თანაც, ქართველმა ჩოგბურთელმა გზად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, არც მეტი-არც ნაკრები მაესტრო როჯერ ფედერერი დაამარცხა და ახალი ისტორიაც დაწერა. ფედერერის გარდა ნიკამ ჩემპიონობამდე ისეთ ჩოგბურთელებს მოუგო, როგორებიც არიან რობერტო ბაუტისტა აგუტი, ჯონ მილმანი, მალეკ ჯაზირი და ტეილორ ფრიცი. ეს ნიკასთვის კარიერის მე-4 ტიტული იყო. ჩემპიონობის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 36-ე ადგილზე აღზევდა. დოჰადან ნიკამ დუბაიში გადაინაცვლა, თუმცა ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. მომდევნო გათამაშება კალიარის 250-იანი ტურნირი იყო, სადაც ნიკამ ორი შეხვედრის მოგება შეძლო, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა. ამის შემდეგ კიდევ 1-2 წარუმატებელი ტურნირი იყო, რის შემდეგაც მიუნხენის ATP-250 BMW OPEN-ის ჯერიც დადგა. ბასილაშვილმა ბოლო წარუმატებლობების შემდეგ საკუთარი თავის რეაბილიტაცია შეძლო და საბოლოოდ, ტურნირის ჩემპიონობაც იზეიმა. ფინალამდე ნიკამ ტიაგო მონტეირო, გალან რივეროსი, ნორბერტ გომბოსია და კასპერ რუდი დაამარცხა, სატიტულო ბრძოლა კი იან-ლენარდ შტრუფს მოუგო. შედეგად, ნიკა კარიერაში მე-5 ტიტულს დაესაკუთრა, ATP-ის რეიტინგში კი 31-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურნირი, რომელიც გულშემატკივრების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა როლან გაროსი იყო, სადაც ნიკა მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავების გვერდით იდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა საწყისი ორი შეხვედრის მოგება მოახერხა, თუმცა გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. შემდეგ კი ტოკიოს ოლიმპიადის დროც დადგა. ნიკამ პირველ წრეში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენასს მოუგო, შემდეგ იტალიელი ლორენცო სონეგო დაამარცხა, მესამე წრეში კი გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა, რომელიც საბოლოოდ ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. 2021 წლის ოქტომბერში ქართველი ჩოგბურთელი ძალიან ახლოს იყო მე-6 ტიტულთან. აშშ-ში, ინდიან უელსის მასტერსზე ნიკა საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც მასტერსის ფინალში შეძლო გასვლა, მაგრამ სატიტულო ბრძოლაში ბრიტანელი კამერონ ნორის დამარცხება ვერ შეძლო. საგულისხმოა, რომ ფინალამდე ნიკამ მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და კარიერაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება ჩაიწერა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა 2021 წელი მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომრად და ორი ტიტულით დაასრულა.
2021 წელი წარმატებული იყო ქალი ჩოგბურთელებისთვისაც. ეკატერინე გორგოძემ ერთეულთა ჩათვლაში პროფესიონალურ კარიერის განმავლობასი ITF-ის რანგის მე-17 ტიტული მოიგო! პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში გამართული ITF-ის 60 000-იანი ტურნირი 29 წლის ქართველის ტრიუმფით დასრულდა. ეკო გორგოძე ფინალში მსოფლიოს 249-ე ჩოგანს, ფრანგ ქლოი პაკეს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:6; 0:6; 6:4 დაამარცხ. საგულისხმოა, რომ 2019 წლის შემდეგ ეს ეკოსთვის პირველი მოგებული ტურნირი იყო. 29 წლის ჩოგბურთელისთვის 2021 წელი უფრო მეტად წარმატებული წყვილთა თანრიგში იყო. გორგოძე სექტემბერში კარლსრუეს საერთაშორისო ტურნირზე რუმინელ ირინა-მარია ბარასთან ერთად წარსდგა და ქართულ-რუმინულმა დუეტმა საბოლოოდ ჩემპიონობაც იზეიმა. საგულისხმოა, რომ ზუსტად ერთ კვირაში, ამჯერად ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად ვალენსიას ღია პირველობის გამარჯვებულიც გახდა. კიდევ ერთ კვირაში, ეკოს ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ბრაზილიელ ლაურა პიგოსთან ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირის ფინალში დამარცხდა. მორიგი ჩემპიონობა 29 წლის ჩოგბურთელმა ჩემპიონობა ოქტომბრის ბოლოს იზეიმა. Transylvania Open-ზე ეკომ კვლავ რუმინელ ირინა-მარია ბარასთან ერთად იასპარეზა და საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. იგივე წყვილმა მორიგი ტიტულის მოპოვება დაახლოებით 1 კვირაში შეძლო, ამჯერად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის საერთაშორისო ტურნირზე. წლის ბოლო ტიტული ეკომ 21 ნოემბერს მოიგო. გამოცდილი ქართულ-რუმინული დუეტი ურუგვაიში, მონტევიდეოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელს, მარიამ ბოლქვაძეს, მან 2021 წელს 3 ტიტულის მოგება შეძლო. მარიამი ჯერ ივლისში, ნურ-სულთანის წყვილთა ტურნირის გამარჯვებული გახდა, ზუსტად ერთ კვირაში კი იმავე ნურ-სულთანში ჩემპიონობა ამჯერად ერთერთულთა ჩათვლაში იზეიმა. საგულისხმოა, რომ 25 წლის ჩოგბურთელმა ფინალში რუსი ვალერია სავინიკი დაამარცხა. ოქტომბრის ბოლოს მარიამმა საფრანგეთის ქალაქ პუატიეში წყვილთა შორის 80 000-იან ტურნირზე იასპარეზა და ბრიტანელ სანტა მარეისთან წლის მესამე ტიტულიც მოიგო.
MMA
2021 წელი ისტორიული იყო UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის. UFC-ში ჩვენმა მებრძოლებმა მთელი წლის განმავლობაში 8 ორთაბრძოლა გამართეს – 6 შემთხვევაში გაიმარჯვეს, ორში კი დამარცხდნენ. ბუნებრივია, განსაკუთრებულად წარმატებულად გიგა ჭიკაძის და მერაბ დვალიშვილის გამოსვლა უნდა შეფასდეს, რომლებმაც საკუთარი წონითი კატეგორიის TOP 10-ის წევრები დაამარცხეს.
გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა წლის პირველი შეხვედრები ერთ დღეს გამართეს – 2 მაისს. მერაბ დვალიშვილის მეტოქე ამერიკელი კოდი სტამანი იყო, რომელიც ჩვენებურმა 3-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, გიგა ჭიკაძე კი ასევე ამერიკელ ქაბ სვანსონს შეერკინა და წუთსა და სამ წამში მეტოქე ნოკაუტით დააგდო.
29 სექტემბერს გიგას ისტორიის დაწერის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა და ეს შანსი ღირსეულად გამოიყენა. 33 წლის მებრძოლი ისტორიის განმავლობაში გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ში რეიტინგის ათეულში შემავალი სპორტსმენის დამარცხება შეძლო. 29 აგვისტოს „ქართველი ნინძა“ საკმაოდ გამოცდილ ედსონ ბარბოსას შეხვდა და ბრაზილიელი მეტოქე მესამე რაუნდში დაანოკაუტა. შედეგად, გიგა საკუთარი წონის რეიტინგში მე-8 ადგილზე აღზევდა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის TOP 10 მებრძოლებში მოხვდა.
„ნინძას“ მალე მერაბ დვალიშვილმაც მიბაძა. „The Machine“-ს 26 სექტემბერს ისტორიული ბრძოლა ჩაენიშნა. მერაბის მეტოქე მსუბუქი წონითი კატეგორიის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, მარლონ მოარეში იყო. რაც შეეხება უშუალოდ ორთაბრძოლას, ის დვალიშვილისთვის ძალიან მძიმედ დაიწყო. პირველ რაუნდში მოარეშმა ქართველი მებრძოლი დაანოკდაუნა და რომ არა მერაბის საოცარი გამძლეობის უნარი, დიდი შანსი იყო მსაჯს შეხვედრა გაეჩერებინა და მისთვის წაგება ჩაეთვალა. მაგრამ მერაბმა რთული მდგომარეობიდან გამოსვლა მაინც შეძლო და საბოლოოდ, მეორე რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მეტოქე ნოკაუტში გაუშვა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი საკუთარი წონის რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და ახლა მე-6 პოზიციას იკავებს. ჯერჯერობით, 30 წლის სპორტსმენი ქართველი მებრძოლებიდან ყველაზე მაღალ საფეხურზე იმყოფება.
პარალიმპიადა
2021 წელი ისტორიული იყო პარალიმპიელებისთვისაც. მართალია ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ჩვენმა დელეგაციამ ოქროს მედალი ვერ აიღო, თუმცა 3 ვერცხლის მედლის აღებამოახერხეს, რაც საქართველოს ისტორიაში აქამდე არ მომხდარა. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ფინალში შეძლო გასვლა, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, დანარჩენი ორი მედალი კი პარაძიუდოისტების ანგარიშზეა – ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის.
კანოე
როდესაც ინდივიდუალურ წარმატებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველო კანოისტების, მარიამ ქერდიკაშვილის და ალექსანდრე წივწივაძის წარმოუდგენელი წარმატება, რომლებსაც ახალგაზრდა სპროტსმენებმა ევროპის, თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიაღწიეს. მარიამ ქერდიკაშვილმა ივნისში, ახალგაზრდებს შორის ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, ზუსტად 3 თვეში კი იგივე შედეგი ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმეორა.
რაც შეეხება ალექსანდრე წივწივაძეს, 17 წლის კანოისტმა ივნისში, 1000-მეტრიან დისტანციაზე 18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, 200-მეტრიან დისტანციაზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ალექსანდრესთვის წარმატებული იყო სექტემბერში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიც. ახალგაზრდა სპორტსმენმა 18-წლამდე კანოისტებს შორის, 500-მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა და პლანეტის ჩემპიონობა იზეიმა.