მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა რთული გადაწყვეტილება მიიღო. ამას წინათაც გამცნეთ, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელი როლან გაროსის მესამე წრეში დომინიკ კიოპფერთან 4 საათიანი თრილერის და მძიმე გამარჯვების შემდეგ ტურნირიდან მოხსნაზე დაფიქრდა.
საბოლოოდ, როჯერი ასეც მოიქცა და საფრანგეთის ღია პირველობაც საკუთარი ნებით დატოვა. მეოთხე წრეში მისი მეტოქე მატეო ბერეტინი უნდა ყოფილიყო, თუმცა მატჩი აღარ შედგება და იტალიელი მეჩოგნეც ავტომატურად როლან გაროსის 1/4 ფინალში ითამაშებს.
„რთული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. ჩემს გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ, ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ და შევთანხმდით, რომ როლან გაროსზე დარჩენა სარისკო იქნებოდა.
მას შემდეგ რაც მუხლზე მძიმე ოპერაცია გადავიტანე და ერთწლიანი სარეაბილიტაციო პერიოდიც გავიარე, კორტზე საათობით ყოფნას და დიდ დატვირთვებს ვეღარ გავუძლებ. პარიზში კი სავარაუდოდ ასეთი რამ კიდევ მოხდებოდა.
კმაყოფილი ვარ, რომ როლან გაროსზე 3 მატჩი გავმართე. კორტზე დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ახლა უნდა დავისვენო და უიმბლდონისთვის უკეთ მოვემზადო“ – აღნიშნა როჯერ ფედერერმა.








