მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ რჩება. 25 მარტს, ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ჯვაროსნები სტოქჰოლმში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთს დაუპირისპირდებიან. შემდეგ იქნება თბილისური ჯახი ესპანეთთან და 31 მარტს ათენში საბერძნეთის წინააღმდეგ თამაში.
ეროვნულ ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის მთავარი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება. ახლო წარსულში ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ვილი სანიოლის თანაშემწეობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. შრომა არ მეზარება და დანარჩენს მომავალი გამოაჩენს.
ჩემი დიდი სურვილია და ამაში მთავარი მწვრთნელიც იგივე აზრზეა, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებს მეტი ყურადღება მივაქციოთ, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. რა თქმა უნდა, მთავარი ფსონი ლეგიონერებზე გვექნება დადებული, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებიც არ უნდა დაიჩაგრონ. ეს მათთვის დიდი მოტივაცია იქნება.
აქვე ერთ სიურპრიზსაც გავამხელ. მოახლოებული მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნული ჩემპიონატიდან რამდენიმე ფეხბურთელი უკვე გვყავს მოხაზული და ისინი გუნდთან ერთად იქნებიან. რამდენად გამოიჩენენ თავს სხვა საკითხია, მაგრამ შანსი მიეცემათ“ – აღნიშნა ზურაბ ხიზანიშვილმა.








