თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაკრების მაისური კვლავ მოირგო. ექსტრავაგანტულმა შვედმა ფეხბურთელმა 5 წლიანი განშორების შემდეგ ეროვნულ გუნდში დაბრუნება საქართველოსთან მატჩში გადაწყვიტა და თავისი საქმეც გააკეთა. იმ ერთადერთ გოლში, რომელიც შვედებმა გიორგი ლორიას კარში გაიტანეს სწორედ ზლატანის აქტიურობას მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ შვედებმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს, ზლატანი საკუთარი თამაშით მაინც უკმაყოფილო დარჩა.
„ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მთავარია რომ გავიმარჯვეთ და შესარჩევი ეტაპი 3 ქულით დავიწყეთ.’
ძალიან საწყენი, უფრო მეტიც სირცხვილი იყო, რომ მატჩს გულშემატკივრები არ ესწრებოდნენ. მათთან ერთად გაცილებით სხვა ატმოსფერო იქნებოდა. სანერვიულო არაფერი მქონდა, მაგრამ მოედანზე ყოფნის დროს რაღაც უცნაური შეგრძნება კი მქონდა. თითქოს ნაკრებში პირველად ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, მოტივირებული და მონდომებული ვიყავი.
უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“ – აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 28 მარტს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო შვედეთი სტუმრად კოსოვოში ითამაშებს.





