უკრაინის საფეხბურთო ნაკრები, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა. ანდრეი შევჩენკოს შეგირდებმა, გლაზგოში, შვედეთის საკმაოდ ძლიერ და დაბალანსებულ გუნდთან ბოლომდე იბრძოლეს და დამატებითი დროის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს – 2:1.
უკრაინის ნაკრებისგან ბევრისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ. შევჩენკოს გაწრთვნილებმა ჯგუფში ორი მატჩი დათმეს, თუმცა პლეიოფში მაინც სასწაულად გაძრვნენ. ახლა კი უკვე 1/4 ფინალშიც არიან და 3 ივლისს, რომში, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ მედიასთან საუბარში ყურადღება ინგლისელებთან ჯახზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ საკუთარ ხალხს დიდ სიხარულს მოჰგვრიან.
„შვედებთან მატჩი უკვე წარსულია, ისტორიის კუთვნილება და უკრაინული ფეხბურთისთვის მუდამ ტკბილად გასახსენებლად დარჩება. საკმაოდ დრამატული დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც ბრძოლითა და თავდადებით გავიმარჯვეთ.
წინ, ურთულესი მატჩი გველის. ჩვენი მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება, რომელიც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით და გოლგაუშვებლად ასპარეზობს.
ჩემი თქმის გარეშეც ყველამ იცის ინგლისელთა ძალა. მათ ყველა რგოლში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და დაბალანსებული გუნდია. გარეთ საუთგეიტს დიდი არჩევანიც აქვს, რადგან გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს. გერმანიასთან მატჩის პირველ ტაიმს ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრიტანელების წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის.








