9 მარტს, ბათუმთან საკუთარ მოედანზე წაგებამ „დინამო“ ისე გააბრაზა, რომ თბილისელებმა აგერ უკვე ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალეს. ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სანაკრებო პაუზამდე ჯერ „საბურთალოს“, შემდეგ კი „თელავს“ სძლია, ხოლო დღეს მათ გზას გორის „დილაც“ გაუყენა.
ნიშანდობლივია, რომ გორელები 5 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში წაუგებელნი იყვნენ და პირველი მარცხი სწორედ „დინამოსთან“ იწვნიეს.
გიორგი ნემსაძის შეგირდებმა მეტოქეს „დინამო არენაზე“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგეს. ერთადერთი გოლი ლუკა გაგნიძემ მატჩის დებიუტშივე გაიტანა. მიუხედავად გოლების სიმწირისა, თამაში მაინც საინტერესო, დაძაბული და უხვი მომენტებით დახუნძლული გამოდგა. ანგარიშის არაერთხელ გათანაბრება სტუმრებსაც შეეძლოთ და მასპინძლებსაც რამდენჯერმე მეორე გოლის გატანა მართებდათ, თუმცა ხან მეკარეები ყოჩაღობდნენ, ხანაც ბურთი მცირე მანძილით ცდებოდა კარს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვს, რომ „დინამომ“ დამსახურებულად გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილშიც გალიდერდა.
მომდევნო მატჩს თბილისური გუნდი 7 აპრილს სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „დილა“ გორში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.





