მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს. “ჯვაროსნების” მთავარმა მწრთნელმა ვილი სანიოლმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“სატრანსფერო ფანჯრის შეფასება ამ წუთას რთულია. იმედია, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში წავიდნენ, ხშირად ითამაშებენ.
გიორგი მამარდაშვილზე: “ის ძალიან კარგი მეკარეა, 20 წლისაა და ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა ვალენსიაში. გიორგი ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რამე შევცვალო. ლაზარე კუპატაძემ რუმინეთთან თავი კარგად წარმოაჩინა. ველოდები კუპატაძის, მამარდაშვილისა და მაკარიძის კარგ თამაშს.”
უმაყურებლო თამაშზე და ჯგუფიდან გასვლის შანსებზე: “ძალიან გვიყვარს ქომაგები. სამწუხაროდ, რეგულაციების გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. კოსოვოსთან თამაში უმნიშვნელოვანესია და გვსურს, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ. ესპანეთთან თამაშზე საუბარი კი ჯერ ადრეა.”
ხვიჩა კვარაცხელიაზე: “ჩვენ ის თავდაპირველად სიაში ჩავსვით. იმედი გვქონდა, რომ ხვიჩა ამ მატჩებში ითამაშებდა. იგი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და ველოდებით, რომ ოქტომბრისთვის მზად იქნება. ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რუბინის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, ისინი რას დაწერენ, ეს მათი საქმეა.”
კოსოვოს ნაკრებზე: “მათი ფეხბურთელები უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. პატივს ვცემთ მათ და ჩვენ სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ.”
მატჩისთვის მოსამზადებელ პერიოდზე: “სიტუაცია ყოველთვის იდეალური არაა. ბევრი მოთამაშე ერთდროულად ვერ შემოუერთდა ნაკრებს. ყაზაიშვილი გუშინ ჩამოვიდა, კაშია, ხოჭოლავა და კიტეიშვილი მზად არიან, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ყაზაიშვილი მე მარტშიც და ივნისშიც გამოვიძახე, მაგრამ ვაკო მაშინ სამხრეთკორეული რეგულაციების გამო ვერ შემოგვიერთდა. იმედია, რომ მთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა სისტემატიურად ექნებათ. ჩვენ გიორბელიძე და აბურჯანია მაინც გამოვიძახეთ. ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა ნაკრებში უთამაშებლობის გამო არ გამოვიძახეთ.”
გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი წიტაიშვილის სათამაშო დროზე: “ჩაკვეტაძე ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ის მალე 100%-ით მზად იქნება. მას არავინ აქცევს წნეხის ქვეშ, ფეხბურთის თამაშით უნდა ისიამოვნოს. იმედია, წიტაიშვილს ახალ კლუბში მეტი შანსი ექნება.”
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები კოსოვოს ნაკრებს ბათუმში დაუპირისპირდება.





