მოახლოვდა ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად გუნდებიც ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადიან. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ამჯერადაც სხვებისთვის სპარინგ-მეტოქის რანგში მოუწევს ყოფნა და არა როგორც კონტინენტის პირველობის მონაწილეს.
მოწინააღმდეგეები კი ჯვაროსნებს მართლაც კარგი ჰყავს, განსაკუთრებით ნიდერლანდების ნაკრები, რომელსაც 6 ივნისს დავუპირისპირდებით, მანამდე კი ასევე სტუმრათ რუმინეთს გავეჯიბრებით.
რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის.
ვილი სანიოლიმაც დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ ქართული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ბევრ საინტერესო თემებთან ერთად, სექტემბრის დაპირისპირებებზეც ისაუბრა.
„მარტის ოფიციალურ მატჩებში ალბათ მეტის მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. დადებითი კონტურები გამოჩნდა და შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნისგან ძალიან შორს არ ვართ.
რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, მთავარი მიზანი სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენებაა. გეტყვით, რომ ამ ამხანაგურებში შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებსაც მარტში არ უთამაშია. მაგალითად სერგო კუხიანიძეს, ასევე დავითაშვილს და სხვებს.
ისე ავღნიშნავ, რომ ივნისი სანაკრებო მატჩებისთვის იდეალური დრო არ არის, რადგან ფეხბურთელებს დატვირთული სეზონი ჰქონდათ.
სექტემბრის შესარჩევ მატჩებში ვეცდებით მაქსიმალურად მეტი ქულა ავიღოთ. ამის პოტენციალს ვხედავ“ – აღნიშნა ჯვაროსნების დამრიგებელმა.








