კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში ქართველების „აპოელი“ საკუთარ მოედანზე „პაეკს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
სამმატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ „აპოელმა“ პირველად მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ამაში უდიდესი წვლილი კი თორნიკე ოქრიაშვილს მიუძღვის. ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ „ოქრი“ იყო. ბუბა დაუშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგი ქვილითაიამ კი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
„აპოელი“ მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თორნიკე ოქრიაშვილი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო. ქართველმა ფეხბურთელმა არაერთი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა და თავისი გუნდის შეტევების ორგანიზებაშიც ლომის წვლილს იდებდა. ეს ქვემოთმოცემულ ვიდეომიმოხილვაშიც კარგად ჩანს.
31-ე წუთზე ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, თუმცა თანაგუნდელმა პენალტის რეალიზება ვერ შეძლო.
ქართველი ფეხბურთელი მეორე ტაიმშიც გამორჩეული იყო და მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, ამასთან, თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირაც დატოვა, თუმცა თანაგუნდელს სიზუსტემ ისევ უმტყუვნა. სამწუხაროდ, 30 წლის ფეხბურთელმა 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
მასპინძლებმა გოლის გატანა მე-80 წუთზე შეძლეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.








