ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გურამმა პირველ წრეში ბეხმუროდ ბოლტაბოევი დაამარცხა, 1/4 ფინალში მონღოლ ერდენეხუს სძლია, ნახევარფინალში ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო, ფინალში კი რაფაელ სილვას აჯობა და ჩემპიონი გახდა.
გურამის მსგავსად, დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ილია სულამანიძემ მოუპოვა. ტურნირის პირველ დღეს კი ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, გურამ თუშიშვილმა IJF-ის მსოფლიოს ტურზე მე-10 მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.








