ქართველების „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე „დოქსას“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ „ანორთოსისის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმა, ნიკა კაჭარავამ და გიორგი ლორიამ შეიტანეს.
პირველ ტაიმში, 25-ე წუთზე კაჭარავა გატანას თავით ცდილობდა, თუმცა მის დარტყმულს მცველი გადაეფარა, ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ კი გაირკვა, რომ მცველმა ხელით ითამაშა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც პოპოვიჩმა გააცუდა.
ანგარიში 38-ე წუთზე მილოშ დელეტიჩმა გახსნა და „ანორთოსისმა“ პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.
48-ე წუთზე გიორგი ლორიამ საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში კი „ანორთოსისმა“ მეორე გოლიც გაიტანა. საქმეში ამჯერადაც კაჭარავა ჩაერთო. საჯარიმოში, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ „დოქსას“ მცველებმა უხეშად ითამაშეს და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ კვლავ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ამჯერად ვარდამ შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
13 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდს 5 მოგებით, 1 ფრით და 6 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.








