ხორვატ სპეციალისტს უმუშევრობა ემუქრება. ამბობენ, რომ ეს ამბავი სულ მალე გაოფიციალურდება, რომ სლავენ ბილიჩი „ვესტ ბრომვიჩს“ დატოვებსო. უფრო სწორად, მას გუნდიდან გააგდებენ, თორე არა გვგონია ბილიჩმა ეს საკუთარი ნებით გააკეთოს.
მართალია, ბოლო ტურში ბილიჩის „ვესტ ბრომვიჩმა“ მრისხანე „მანჩესტერ სიტისთან“ არ წააგო (1:1), ხორვატი მწვრთნელის მაინც აღარ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ის პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნის. „ვესტ ბრომვიჩის“ ბოსები უიმედობამ შეიპყრო და ფიქრობენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად სხვა მწვრთნელთან ერთად უნდა იბრძოლონ. ამჟამად, „ვესტ ბრომვიჩი“ სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და 13 ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ ერთი მოგება აქვთ.
პოპულარული ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ცნობით, სლავენ ბილიჩის შემცვლელად სემ ელერდაისი მოიაზრება, რომელიც ერთი ხანობა ინგლისის ნაკრების მწვრთნელიც იყო. მისი ბოლო ნავსაყუდელი „ევერტონი“ გახლდათ, საიდანაც 2018 წელს წამოვიდა.
რაც შეეხება ბილიჩს, მის რეზიუმეში ხორვატიის ნაკრების თავკაცობაც არის და თბილისიდანაც კუდამოძუებული წასულა. საქართველოს ნაკრებმა სწორედ მის გაწრთვნილ ხორვატებს სძლია.








