ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში, ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 3-0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა, ასევე ბიძინაშვილმაც მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა.
“დინამოების” დაპირისპირებაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ბათუმელთა ნახევარმცველი, გუგა ფალავანდიშვილი გახლდათ, რომელიც ალთუნაშვილთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრს აკონტროლებდა და მაყურებელს ლამაზი მოქმედებებით ხიბლავდა.
გუგა ფალავანდიშვილის კარგი თამაში რა თქმა უნდა ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
“ფალავანდიშვილი, ალთუნა და ბიძინაშვილი ყველაზე მაგარი საფეხბურთო მოქმედებით გამოირჩევიან. ფალავანდიშვილის და ალთუნაშვილის საფეხბურთო აიქიუ მთელი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებზე მაღალია. ფალავანდიშვილი უბრალოდ გენიალურია. ის მაგარი აღმოჩენაა. ორი თამაში არ გაჩერებულა, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო”, – წერენ ბათუმელი გულშემატკივრები კლუბის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” გუგა ფალავანდიშვილი 2021 წლის აგვისტოში დაიმატა, მაგრამ თურქულ შეკრებამდე გუნდში არ ყოფილა. ბათუმელი ქომაგების აზრით, ის ნელ-ნელა “დინამოს” შეუცვლელი წევრი ხდება.








