პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. წყალბურთში, როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, რაც უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ქართველ წყალბურთელებს ჯგუფში საბერძნეთის და მონტენეგროს სახით ორი გრანდი ჰყავდა და ორივესთან ტოლ-სწორად ითამაშა. მართალია, თუ ელადელებთან მოგების შანსიც იყო და ფრე ნამდვილად ალალი იქნებოდა, მონტენეგროელებთან ქართველი წყალბურთელები მხოლოდ ბოლო მეოთხედში გატყდნენ.
სამი პერიოდის მანძილზე აუზში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ანგარიშიც ოდენ 5:7 იყო, აი დასკვნით მეოთხედში კი მონტენეგრომ გამოცდილების და კლასის ხარჯზე ჩვენი გუნდი წნეხში მოაქცია და სოლიდური გაქცევაც განახორციელა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში რომ არა ის მცირე ჩავარდნა რა დროსაც მეტოქემ 4 გოლი გაიტანა, შესაძლოა საქართველოს ნაკრებს ფრისთვის გამოეკრა ხელი, ისე კი – 11:9 მონტენეგროელთა სასარგებლოდ.

სპორტის ამ სახეობაში კარგად ჩახედულ ქომაგებს უსათუდ ეცოდინებათ თუ მონტენეგროს ნაკრები რა ძალას წარმოადგენს. ეს გუნდი წყალბურთის ერთ-ერთი მონსტრია, რაზეც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები მათი შედეგებიც ნათლად მეტყველებს. მონტენეგროს ნაკრები ევროპის 2008 წლის ჩემპიონია და მოქმედი, ბრინჯაოს პრიზიორია, ორჯერ კი ვერცხლის მედალი მოიპოვებიათ, ხოლო 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალამდე გააღწიეს.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებს მართლაც ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა საქმე და ღირსეულადაც ეპაექრა. საბოლოოდ ქართველმა წყალბურთელებმა ორი მოგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ტოკიოს ლიცენზიისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებენ.
საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე 1/4 ფინალში ჰოლანდიის ან ხორვატიის ნაკრები იქნება.





